სტუმრად ჩვენს ეთერში: პაპუნა უგრეხელიძე

Your browser doesn’t support HTML5

6 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაპუნა უგრეხელიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. მან ილაპარაკა მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მიმდინარეობაზე და ამ დროისთვის არსებულ შედეგებზე. პაპუნა უგრეხელიძემ აღნიშნა, რომ რეფორმის დაწყებიდან - გასული წლის 1 აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრს მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა 170 ათასამდე მოქალაქემ, რომელთაგან 100 ათასი რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა. 44 ათასამდე განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლების დამდგენ დოკუმენტაციას იძიებს სხვადასხვა უწყებაში. პაპუნა უგრეხელიძემ ხაზი გაუსვა, რომ საჯარო რეესტრი პროაქტიულია და განცხადებით მიმართვის შემდეგ თავად წარმართავს პროცესს მოქალაქესთან კომუნიკაციით, მისთვის უფასო სერვისების შეთავაზებით. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მიზანია რაც შეიძლება მეტმა მესაკუთრემ შეძლოს მიწის გარეგისტრირება იმ ფონზე, როცა გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო დარეგისტრირებული. სტუმრის განცხადებით, რეფორმის დაწყებამ გაახუთმაგა მოქალაქეთა მომართვიანობა. პაპუნა უგრეხელიძემ ილაპარაკა სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებულ დავების მოგვარების მექანიზმზეც - უფასო მედიაციაზე, რომელიც დავების სასამართლოს გარეშე - სწრაფად და მარტივად გადაჭრას გულისხმობს. სტუმარმა განმარტა საპილოტე პროექტის არსიც, რომელიც ძირითადი პროცესისგან (რომელიც სპორადული პრინციპით მიმდინარეობს) განსხვავებით სისტემურ მიდგომას გულისხმობს და 12 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. ყველაზე ხშირ პრობლემად სახელდება ე.წ. "გადაფარვები", რაც თავის დროზე მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ხარვეზიანმა პროცედურებმა განაპირობა.

Your browser doesn’t support HTML5

პაპუნა უგრეხელიძე "დილის საუბრებში"