19 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორი. მან ილაპარაკა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებსა და მისი რეფორმირების აუცილებლობაზე. საია თვლის, რომ ეს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი კანონი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს. "მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ითვალისწინებს მძიმე სახდელებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა, აწესებს გაცილებით ნაკლებ პროცედურულ გარანტიებს, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს გააჩნია. მაგალითად, არ ითვალისწინებს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორებიცაა: გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ხელმძღვანელობა; უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა; ეფექტური წარმომადგენლობის განხორციელება და სხვა", - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში. ნონა ქურდოვანიძემ "დილის საუბრებში" ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სასამართლო ყოველწლიურად ათასობით პირის საქმეს განიხილავს ადმინისტრაციული წესით და ამ ადამიანებს არ ეძლევათ თავის უფლებების სრულფასოვნად დაცვის საშუალება. მარტო წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით ყოველწლიურად 10 ათასი პირის საქმე განიხილება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცალკეული მუხლის გამო, საია-ს უკვე 4 სარჩელი აქვს წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა, ორგანიზაცია თვლის, რომ კოდექსი სრულად შესაცვლელია.
Your browser doesn’t support HTML5