19 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ცაგარეიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" თანადირექტორი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) საქართველოს კოალიციის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ICC-ს მე-16 ასამბლეაზე, რომელიც 4-14 დეკემბერს ნიუ იორკში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობდნენ ნინო ცაგარეიშვილი და ნიკა ჯეირანაშვილი, Justice International-ის დირექტორი. ნინო ცაგარეიშვილმა ასამბლეაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რაც აგვისტოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიებას ახლავს თან და ასამბლეის წევრებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მან ხაზი გაუსვა აგრეთვე აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ICC-ს დაზარალებულთა ნდობის ფონდს მხარდაჭერის მანდატის გამოყენებისკენ მოუწოდა. საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ICC-ს ადგილობრივი ოფისების გახსნისა და ეფექტიანად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს ბიუჯეტის გაზრდა. ნინო ცაგარეიშვილი იმედოვნებს, რომ ადგილობრივი ოფისი, რომლის გახსნაც საქართველოში 2018 წლის დასაწყისში იგეგმება, ხელს შეუწყობს ICC-ს მანდატისა და აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, აგრეთვე სასამართლოს მისაწვდომობას დაზარალებულებისთვის.
Your browser doesn’t support HTML5