8 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: მიხეილ სოხაძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ხელმძღვანელი და ნინო თოფურიძე, FAO-ს კომუნიკაციების ოფიცერი. მათ ილაპარაკეს FAO-ს მიერ ჩატარებულ გამოკვლევაზე - "ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) შესახებ არსებული განწყობების შეფასება". გამოკვლევის მიზანი იყო სოფელში მცხოვრები მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის მფლობელთა განწყობების დადგენა ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გაუმჯობესებული სისტემების მიმართ, რაც მოიცავს NAITS-საც. მიხეილ სოხაძემ ილაპარაკა საქონლის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობასა და სისტემაზე, რაც უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის ჯანმრთელობას და მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობისთვის. მიხეილ სოხაძემ ხაზი გაუსვა ვეტერინარების როლს ამ სისტემაში. ნინო თოფურიძემ ფერმერთა ინფორმირებულობის შეფასებისას აღნიშნა, რომ მათთვის ინფორმაციის უმთავრეს წყაროს ტელევიზია (82%) წარმოადგენს, მას მოსდევს მეზობლები/მეგობრები (24%) და ინტერნეტი (10%). ნინო თოფურიძე განსაკუთრებით გამოყოფს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციის გავრცელების სირთულეს, ენობრივი ბარიერის გამო. სწორი ინფორმაციის მიწოდებაში უდიდესი როლი ეკისრება ვეტერინარს. FAO-ს გამოკვლევის თანახმად, მესაქონლეთა უმრავლესობა ვერ ხედავს კავშირს ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის. გამოკითხულთა 29%-ს უთქვამს, რომ თითქმის არაფერი იცის ცხოველთა დაავადებებზე. გამოკითხულ მესაქონლეთა მხოლოდ 4%-ს დაუკლავს მსხვილფეხა საქონელი სასაკლაოში ბოლო 12 თვის განმავლობაში. ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამას. 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება საქონლის დაკვლასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც პირდაპირ ებმის საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის სრულყოფას.
Your browser doesn’t support HTML5