4 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო შატბერაშვილი, "სოციალურ მუშაკთა ასოციაციის" თავმჯდომარე. მისი თქმით, ძალადობისა და დანაშაულის პრევენციის საკითხები სამართლებრივად მშვენივრად არის გაწერილი, თუმცა, არის პრობლემაა ამ ყველაფრის განმახორციელებელი სისტემის გამართვა და ეფექტიანად მუშაობა. ნინო შატბერაშვილი ლაპარაკობს, მათ შორის, ზოგიერთი რგოლის წარმომადგენლებისთვის, მაგალითად, მანდატურისთვის იმ როლის დაკისრება, რომლის შესრულებაც მის კომპეტენციას აღემატება. ნინო შატბერაშვილი შეეხო ე.წ. "პრობლემურ" არასრულწლოვნებთან ურთიერთობაში ცოდნის ნაკლებობის პრობლემასაც. ეს თავის მხრივ, იწვევს იმას, რომ სირთულის გამოვლინების ადრეული ეტაპიდან ყველა ცდილობს თავი აარიდოს მასთან შეხებას, მეტად გართულების შემთხვევაში კი მოიცილოს მოზარდი (გაუშვას სხვა სკოლაში, სახლში და ა.შ.). მოზარდების მიმართ და მოზარდებში ძალადობის პრობლემებს ნათლად აჩვენებს გამოკვლევებიც. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სახალხო დამცველის მიერ 2017 წელს მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში - "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა" ბევრი მწვავე საკითხი წარმოჩინდა, მათ შორის - მოზარდების უნდობლობა უფროსებისადმი. გამოკითხული მოსწავლეების დიდი ნაწილი აზრსმოკლებულად თვლის, ძალადობის პრობლემის შემთხვევაში უფროსისადმი მიმართვას. ნინო შატბერაშვილი "დილის საუბრებთან" ინტერვიუში ლაპარაკობს საკითხის კომპლექსურობაზე, რასაც ასეთივე მრავალმხრივი მიდგომა და დიდი მცდელობა სჭირდება.
Your browser doesn’t support HTML5