12 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გიგა ბექაური, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის ლიდერი და ნინო ესართია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების აპარატის თანამშრომელი, სოციოლოგი. მათ ილაპარაკეს შრომით ურთიერთობებზე საქართველოს სუპერმარკეტების ქსელებში, რასაც ორგანიზაციამ საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა. ამ სფეროში არსებული ვითარების შესწავლის გადაწყვეტილებამდე კი ორგანიზაცია, ნინო ესართიას თქმით, მივიდა გაერთიანებაში შესული ზარებისა და საჩივრების საფუძველზე. გამოკვლევის პროცესი იოლი არ იყო, რადგან რიგ შემთხვევაში სოციოლოგებს აძევებდნენ კიდეც სუპერმარკეტებიდან და მათ უწევდათ სამუშაო დროის დასრულების შემდეგ გასაუბრებოდნენ თანამშრომლებს. გიგა ბექაურმა აღნიშნა, რომ შრომითი უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, სუპერმარკეტების ყველა ქსელში მეტნაკლებად ერთნაირი ვითარებაა. მისი თქმით, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს შრომითი პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე. სუპერმარკეტებში დასაქმებული რესპონდენტების საშუალ ხელფასი 362 ლარია, ყოველკვირეული საშუალო დატვირთვა 45 საათია, რესპონდენტების 75,8% არ იღებს დამატებით ანაზღაურებას ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას, მათი 80,2% კი არ იღებს დამატებით ანაზღაურებას სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის, რესპონდენტების უმრავლესობა (68,8%) იშვიათად ახერხებს შესვენებაზე გასვლას, 3,8% კი საერთოდ ვერ ახერხებს შესვენებას. გამოკითხულთა 33,5%-ს უკავდება ხელფასი. ხელფასის დაკავების ყველაზე ხშირი მიზეზია დანაკლისის გამო დაჯარიმება (58,9%). 17,8%-მა კი არ იცის რატომ დააკლეს ხელფასი.
Your browser doesn’t support HTML5