22 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო დემეტრაშვილი, "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (სიდა) პროექტის მენეჯერი. მან ილაპარაკა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების პროფესიულ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე, რაც ხელს შეუწყობდა მათ დასაქმებას. გამოკვლევაში, რომელიც სიდა-მ მოამზადა, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საჭიროებების გარდა, შესწავლილია დასაქმების ბაზარი. გამოკვლევის ფარგლებში გამოკითხეს 300-მდე რესპონდენტი (მსჯავრდებულები, ყოფილი მსჯავრდებულები, პირობითი მსჯავრის მქონე პირები და განრიდებულები). მათი ასაკი 14-და 60 წლამდეა. მათ 41,2%-ს საშუალო განათლება აქვს, 13,8%-ს - პროფესიული, 13,1%-ს - ბაკალავრის ხარისხი, 10%-ს - მაგისტრის. საგანმანათლებლო საჭიროებებზე კითხვას უმრავლესობა პასუხობს, რომ ისურვებდა "კომპიუტერის მოკლევადიანი კურსის" გავლას. საქართველოს მოსახლეობის ბოლო წლების გამოკითხვებში უმუშევრობა უპირველეს პრობლემად სახელდება. კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანების პოზიციები უფრო მძიმეა, რადგან დამსაქმებელთა უმრავლესობისთვის მათი დაქირავება მიუღებელია.
Your browser doesn’t support HTML5