9 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ჟურნალ "ინდიგოს" მულტიმედიური პროექტის - "საპატრიარქოს კაპიტალის" რედაქტორები - ნინო ლომაძე და ნინო ჯაფიაშვილი, პროექტის მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი - ნინო ბაქრაძე. მათ ილაპარაკეს პროექტზე, რომლის მიზანი იყო საპატრიარქოსთვის გადაცემული ოფიციალურად რეგისტრირებული ქონების მასშტაბის წარმოჩენა. "საპატრიარქოს კაპიტალი" მულტიმედიური, ინტერაქტიული პროექტია და მისი ნახვა მსურველს შეუძლია ინტერნეტის საშუალებით. პროექტის ავტორებმა ილაპარაკეს საჯარო ინფორმაციის მოპოვებისა და მისი დამუშავების პროცესზე, ტენდენციებზე, რომლებიც საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემის პერიოდებს, გეოგრაფიას, წყაროებსა და ოდენობას აჩვენებს. პროექტის ავტორების თქმით, ამ ტიპის ინფორმაცია დღემდე არ ყოფილა სისტემატიზებული, საპატრიარქოს ქონებაზე კი არაერთი მითი არსებობს და მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია. მკვლევართა ჯგუფმა მონაცემები მოიპოვა როგორც მიწის ნაკვეთების გადაცემაზე, აგრეთვე საბიუჯეტო სახსრებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს და ოდენობით გადაეცა საპატრიარქოს. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება 2002 წლის 14 ოქტომბრის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომლის ზოგიერთი ნაწილიც არის კრიტიკულად გაანალიზებული პროექტის ავტორთა მიერ. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს ამ შეთანხმების ზოგიერთი მუხლის ბუნდოვანებაზეც, რითაც თვლიან, რომ შეთანხმების ორივე მხარე სარგებლობს. პროექტის ამოსავალი არის ის, რომ საქმე ეხება სახელმწიფო ქონებას და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას, რაზეც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. პროექტის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველაზე მეტი ფართობის მიწა (500 ჰექტარი) საპატრიარქოს 2007 წელს გადაეცა, ყველაზე მეტი საბიუჯეტო თანხა (31 მილიონ ლარზე მეტი) კი 2016 წელს. კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ პროექტის ცალკეულ განყოფილებაში: საპატრიარქოსთვის ქონების დაბრუნების პროცესის ბუნდოვანებაზე, განათლების ალტერნატიულ სისტემაზე, სახელმწიფოსგან საპატრიარქოსთვის გადაცემულ საჩუქრებზე და ა.შ.. მულტიმედიაპროექტის მნახველს შეუძლია სურვილის მიხედვით გაფილტროს ინფორმაცია და ეძებოს ის: რეგიონების, წლების, წყაროების მიხედვით. სულ პროექტის ფარგლებში 5 ათასზე მეტი დოკუმენტი იყო გამოთხოვილი და შესწავლილი. ავტორები აღნიშნავენ, რომ პროექტის დასაწყისში დოკუმენტების მიღებაში შეფერხება არ ჰქონიათ, თუმცა, 2017 წლის თებერვლის მეორე ნახევრიდან გაურკვეველი მიზეზით შეფერხდა და მოგვიანებით მთლიანად შეწყდა იუსტიციის სახლიდან საბუთების მიღების პროცესი, რის გამოც ვეღარ დაზუსტდა საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული მიწების დაახლოებით 9%-ის წარმომავლობა. 1988 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, საპატრიარქოს სახელმწიფოსგან სხვადასხვა ფორმით მიღებული აქვს 6270 ჰექტარი მიწა. ბოლო 15 წლის განმავლობაში კი - 285 მილიონი ლარი საბიუჯეტო თანხა. "საპატრიარქოს კაპიტალი" ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა.
Your browser doesn’t support HTML5