სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინა ანჯაფარიძე

24 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინა ანჯაფარიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი. მან ილაპარაკა თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 4-10 დეკემბერს გაიმართება. ნინა ანჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საორგანიზაციო ჯგუფი არ ღალატობს ტრადიციას და კვლავაც აუდიტორიას წარუდგენს ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების ბოლო ორი წლის საუკეთესო ნამუშევრებს. ძირითად კონკურსში მონაწილეობს ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - "საშიში დედა", რომელმაც უკვე უდიდესი წარმატება მოიპოვა საერთაშორისო კონკურსებში. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ძირითადი კონკურსის გარდა აუდიტორიას საშუალება ექნება ნახოს გერმანული კინოს 8 საუკეთესო ნიმუში სექციაში - "აპოლო - კინოს მეხსიერება" (მომზადდა გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით), აგრეთვე 6 ფრანგული ფილმი სექციაში - "ფრანგული კოლექცია" (საფრანგეთის ინსტიტუტთან თანამშრომლობით) და სექციაში "ჰორიზონტები" წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კინოს უახლესი საუკეთესო ნამუშევრები. ფესტივალს გახსნის უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის ფილმი "სულისა და სხეულის შესახებ". ეს ფილმი 2017 წლის ბერლინის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს - "ოქროს დათვის" მფლობელია. ნინა ანჯაფარიძემ აღნიშნა, რომ უნგრეთი იქნება თბილისის წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის "ქვეყანა ფოკუსში" და ამ სექციაში 14 ფილმი იქნება ნაჩვენები. ფილმების ჩვენების გარდა, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, სემინარები, პრეზენტაციები, აგრეთვე ე.წ. "პიჩინგ ვორკშოპები" მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტებისთვის. დაგეგმილია ანიმაციის ვორკშოპი, რომელსაც ფრანგი რეჟისორი კლიე მაზლო გაუძღვება. თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურება ზაზა ხალვაშის ფილმის "ნამეს" ჩვენებით. ნინა ანჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობები ყალიბდება ახალგაზრდა ავტორებსა და გამოცდილ პროდიუსერებს, სცენარისტებსა და სხვა პროფესიონალებს შორის. "დილის საუბრების" სტუმარმა გულისტკივილით ილაპარაკა საფესტივალო ინფრასტრუქტურის საკითხზეც. ნინა ანჯაფარიძე თვლის, რომ მუნიციპალური კინოთეატრების განვითარება ძალიან დაეხმარებოდა როგორც კონკრეტული ფესტივალის უკეთესად ჩატარებას, აგრეთვე კინოს პოპულარიზაციას. ფესტივალის ბაზად კვლავაც რჩება თბილისში არსებული ორი კომერციული კინოთეატრი - "ამირანი" და "რუსთაველი". თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ჯილდოებია: "ოქროს პრომეთე" საუკეთესო ფილმისთვის, "ვერცხლის პრომეთე" საუკეთესო რეჟისურისთვის. ძირითადი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე წელს არის უმბერტო პაზოლინი, ინგლისში მოღვაწე იტალიელი პროდიუსერი და რეჟისორი. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ეროვნული კონკურსები საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გამოსავლენად. ბოლო რამდენიმე წელია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი საპატიო "პრომეთეთი" აჯილდოებს ქართული კინოს გამორჩეულ მოღვაწეებს. წელს ეს ჯილდო გადაეცემა მერაბ კოკოჩაშვილს და გაიმართება მისი ფილმის - "დიდი მწვანე ველის" (1967) სპეციალური ჩვენება.

Your browser doesn’t support HTML5

ნინა ანჯაფარიძე "დილის საუბრებში"