25 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მან ილაპარაკა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესზე, რომლის მიზანი უვადოდ გასამწესებელი კანდიდატის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დადგენაა. იუსტიიის უმაღლესი საბჭოს წევრები თითოეულ კანდიდატზე ავსებენ კითხვარს, რომელიც კონფიდენციურია. ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 20 ოქტომბრის სხდომის შემდეგ ვარაუდობს, რომ კითხვარის შევსების კონფიდენციურობა დარღვეულია და საბჭოს სხვა წევრებისთვის ცნობილი იყო კონკრეტული კანდიდატების მიმართ მისი შეფასებების შესახებ. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა მის მიმართ სხვა წევრების მხრიდან არაეთიკური მიმართვების შესახებაც. 20 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ფარული კენჭისყრის შედეგად, 34 კანდიდატი გაამწესა უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე. "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო გიორგი ბერაია, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნა, რომ კანდიდატებს არათანაბარი სირთულის შეკითხვებს უსვამდნენ და შეინიშნებოდა ფავორიტიზმი. 20 ოქტომბრის სხდომის შესახებ განცხადება გაავრცელა "კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", რომელშიც აღნიშნულია, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოებული პროცესი ვერ გამორიცხავს "მიკერძოების ეჭვებს" და ვერ უზრუნველყოფს "მოსამართლეთა კეთილსინდისირებისა და კვალიფიკაციის მიხედვით შეფასების რეალურ შესაძლებლობას". კოალიციის წევრი ორგანიზაციების განცხადებაში აღნიშნულია კოლეგების მიმართ საბჭოს წევრების არაეთიკური დამოკიდებულების შესახებაც.
Your browser doesn’t support HTML5