20 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია მაჭარაშვილი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პროექტის მენეჯერი. მან ილაპარაკა სოციალური მუშაობის სპეციფიკასა და გამოცდილებაზე საქართველოში. ნათია მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკები საქართველოში სულ რამდენიმე სფეროში მუშაობენ, მათ შორის - ბავშვთა კეთილდღეობისა და მართმსაჯულების სფეროებში. სამშაბათს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია შეუერთდა სოციალური მუშაობის მსოფლიო დღის აღნიშვნას და პროფესიის შესახებ საზოგადოების უკეთესად ინფორმირებისთვის თბილისში მოაწყო აქცია-მსვლელობა. სოციალური მუშაკი ახდენს ადამიანის პრობლემების იდენტიფიცირებას და სწავლობს მის ქცევას გარემოში, იკვლევს პრობლემის მიზეზებს, მოიძიებს საჭირო მომსახურებებს, ან თვითონ აწვდის მომსახურებას, თუკი ამის რესურსი გააჩნია. ნათია მაჭარაშვილი სოციალური მუშაობის სფეროში გამოწვევებად ასახელებს იმას, რომ: სოციალური მუშაკები არ არიან ყველა სფეროში, სადაც მათი საჭიროებაა; გასავითარებელია სოციალური მუშაკების მომზადების სისტემა; სოციალური მუშაკის საქმიანობის შესახებ დამქირავებელსაც კი არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ სოციალურ მუშაკთა უმრავლესობა არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად, მსოფლიოში, ქალები არიან. საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე "სოციალური მუშაობის შესახებ".
Your browser doesn’t support HTML5