27 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარი. მან ილაპარაკა ქართველი და უცხოელი ექსპერტების გამოკითხვის შედეგებზე. GIP-მა ქართველ და უცხოელ 20 მიმომხილველს სთხოვეს 2017 წლის შეფასება. გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ დემოკრატიის ხარისხი საქართველოში მცირედით შემცირდა, 5%-ის აზრით - მნიშვნელოვნად შემცირდა. ექსპერტთა 65% უარყოფითად აფასებს 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ძალიან ან მეტწილად უარყოფითად აფასებს მთავრობის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას გამოკითხული ექსპერტების 65%. მეტწილად დადებითად (40%) და ძალიან დადებითად (5%) აფასებს გამოკითხულთა 45% საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკას. GIP-ის გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობა (20-დან 13) თვლის, რომ 2017 წელს დემოკრატიის ხარისხზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა საკონსტიტუციო ცვლილებებმა, "რუსთავი-2"-ის საქმემ (20-დან 6), საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმამ (20-დან 6) და სასამართლო სისტემის რეფორმამ (20-დან 6). დემოკრატიის ხარისხზე ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენა, ექსპერტთა აზრით, მოახდინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, "რუსთავის გაკონტროლების მცდელობაზე უარის თქმამ", მარიხუანის დეკრიმინალიზაციამ. ყველაზე დიდ მიღწევებად დასახელდა: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება, აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავება, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულება, ტურისტების ნაკადის ზრდა, ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკა და მძღოლებისთვის ჯარიმების 100-ქულიანი სისტემის შემოღება. საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდ ჩავარდნად 2017 წელს ექსპერტები ასახელებენ: ლარის გაუფასურებას, ეფექტიანი მმართველობის პრობლემებს, დემოკრატიული მმართველობის პრობლემებს, წარუმატებელ სოციალურ პოლიტიკას, ტერორიზმთან ბრძოლასა და შიდა უსაფრთხოებას. 2018 წლის გამოწვევებს შორის პირველი სამეული ასე გამოიყურება: ლარის გაუფასურება, ეკონომიკური სტაგნაცია, კონფლიქტები და უსაფრთხოება.
Your browser doesn’t support HTML5