14 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ანა არგანაშვილი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი და მაია ცირამუა, ფსიქოლოგი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს მოზარდთა დანაშაულის გაშუქების ხარვეზებსა და საფრთხეებზე, რასაც არასწორი გაშუქება ქმნის. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა GCRT--ს მიმართვა მედიისთვის. ის შეეხება გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მომხდარ მოზარდთა დანაშაულს, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა და რომელიც აქტიურად შუქდება მედიის მიერ. ანა არგანაშვილმა და მაია ცირამუამ ახსნეს - რა ზიანი შეიძლება მოუტანოს არასწორმა აქცენტებმა მოზარდებს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ მედიას და შესაძლოა ხელახალი ტრავმის მსხვერპლად იქცნენ. "დილის საუბრების" სტუმრები ითვალისწინებენ საზოგადოების მაღალ ინტერესს გახმაურებული საქმეების მიმართ, თუმცა ამის საპირწონედ დგას ბავშვის ინტერესი და მეორე პირველს არ უნდა შეეწიროს. ანა არგანაშვილი და მაია ცირამუა განმარტავენ რამდენად კონკრეტული შეიძლება იყოს მედიიდან არასწორი გზავნილის ზეგავლენა ცალკეული ბავშვის ცხოვრებაზე.
Your browser doesn’t support HTML5