25 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) პროგრამების დირექტორი. მან ილაპარაკა ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევებზე, რაზეც ორგანიზაციამ ვრცელი გამოკვლევა გამოაქვეყნა. IDFI თვლის, რომ ხელისუფლების მიერ ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სამართლიანი და დაბალანსებული ანაზღაურების სისტემა, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი ფუნქცია მოვალეობები, შტატგარეშე თანამშრომელთა დასაქმების და ანაზღაურების წესები. IDFI-მ გააანალიზა 2011-2016 წლების მონაცემები. ბიუროკრატიული ხარჯების ნომინალური მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, გამოკვლევის ავტორთა თანახმად, მისი ტვირთი ბიუჯეტის და ეკონომიკის მიმართ მცირდება. ლევან ავალიშვილმა აღნიშნა, რომ 2011 წელთან შედარებით 2015 წელს ორჯერ და მეტად გაიზარდა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდირული პირების) თანამშრომელთა რაოდენობა. პრობლემურია შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობაც, რაც ხშირად აჭარბებს საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულ ზღვრებს. თუკი 2011 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე თითქმის 68 ათასი ლარი დაიხარჯა, 2016 წელს ამ ხარჯმა 170 ათას ლარს გადააჭარბა. IDFI-ს რეკომენდაციით, უნდა გადაიხედოს შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის პროექტით სხავდასხვა თანამდებობის პირებისთვის მინიჭებული თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტი, აგრეთვე - მთლიანად უნდა შეიზღუდოს სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის პრემიების და დანამატების გაცემა. ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება ავტოპარკის ოპტიმიზაციის პროცესის დაჩქარება.
Your browser doesn’t support HTML5