სტუმრად ჩვენს ეთერში: ლაშა სტურუა

Your browser doesn’t support HTML5

5 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლაშა სტურუა, "პროგრესულ - დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”)" (N2) თავმჯდომარე. მან მსმენელს წარუდგინა თავისი პარტია, რომელიც შეიქმნა მიმდინარე წლის ივნისში, ივლისში დარეგისტრირდა პარტიად, აგვისტოში კი - საარჩევნო სუბიექტად. "ჩვენ - ჭკვიანმა ხალხმა, რომლებიც დიდი ხანია ვიტანჯებოდით სულელების მართვით, გადავწყვიტეთ, რომ ეს დროს უნდა დასრულდეს და ხელისუფლებაში მოვიდნენ ჯანსაღად მოაზროვნე, თავის საქმეში მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის ადამიანები, თუმცა, არა მაინცდამაინც პროფესიული წარსულით. პრინციპად ავიღეთ ჩვენ, რომ მოვიყვანოთ პოლიტიკაში რეალურად ახალი სახეები", - ამბობს ლაშა სტურუა და განმარტავს, რომ მისი ორგანიზაცია ევროპულ ღირებულებებს აღიარებს. ის თვლის, რომ საქართველოს პერსპექტივა ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაშია და რომ, რაიმე მიზეზის გამო რომელიმე მათგანის წევრობა რომც არასდროს დადგეს, ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოში დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისთვის. ლაშა სტურუამ თქვა, რომ მის პარტიას მომზადებული აქვს ბიზნესის ხელშეწყობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. "სახელმწიფოს მიერ ბიზნესის აყვავება თავშივე ეწინააღმდეგება საბაზრო პრინციპებსა და ღირებულებებს, მაგრამ ხელშეწყობა კანონმდებლობით, საგადასახადო რეფორმების შესახებ, ფისკალური პოლიტიკა, საბანკო-საკრედიტო პოლიტიკა და ა.შ. სფეროებში საკანონმდებლო რეგულაციების პრინციპები უნდა შეიცვალოს", - ამბობს ლაშა სტურუა. ის განმარტავს, რომ მარტივი არ არის გადასახადების შემცირება, რადგან ამით, შეიძლება, ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს ეჭვქვეშ. ლაშა სტურუა თვლის, რომ ყველაზე დიდი სოციალური დაცვის პოლიტიკა დასაქმების პოლიტიკაა. მისი აზრით, სოციალური დაცვა მიმართული უნდა იყოს ადამიანის სტიმულირებისკენ - ეძებოს სამსახური, იყოს აქტიური და არა - მისი პასიურობის წახალისებისკენ. "ჩვენ გვინდა პრინციპი - "ამირჩიე და მემსახურე" - შევცვალოთ პრინციპით - "ამირჩიე და გემსახურები"", - ამბობს ლაშა სტურუა.

Your browser doesn’t support HTML5

ლაშა სტურუა "დილის საუბრებში"