ვოლკერი: ყოფილ პრემიერს ალასანიას გარიყვა დისკრედიტაციის მეშვეობით სურს

კურტ ვოლკერი, ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით “ამერიკის ხმას” ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი ესაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სამართლებრივი პროცესები ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი მოქმედებების მსგავსია. აქ იმას ვგულისხმობ, რომ გამორიცხული არ არის კორუფციის არსებობა, მაგრამ ადამიანების დაკითხვაზე გამოძახება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და მათი სამართლებრივი დევნის დაწყება საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებამდე ხდება. ჩემი აზრით, ამ მოქმედებების დანიშნულება ალასანიას დისკრედიტაცია.
კურტ ვოლკერი

ვოლკერს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა წარმოდგენა, რომ მინისტრის გადაყენება შეიძლება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს უკავშირდებოდეს, საქმე მაინც უფრო ღრმა თემას - საქართველოს შიდა პოლიტიკას - ეხება. ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ვაშინგტონიდან მდგომარეობა ისე ჩანს, რომ ირაკლი ალასანიასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა რამდენიმე ხნის წინ დაიძაბა და დროთა განმავლობაში ამ დაძაბულობამ შედეგად ალასანიას გუნდიდან გარიყვა მოიტანა.

„ვაშინგტონში ასევე არსებობს მუდმივი შეშფოთება იმ მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული ყოფილი მთავრობის წევრების მიმართ პოლიტიკური დევნის წარმოებით. თუმცა, ახლა ის გამოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სამართლებრივი პროცესები ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი მოქმედებების მსგავსია. აქ იმას ვგულისხმობ, რომ გამორიცხული არ არის კორუფციის არსებობა, მაგრამ ადამიანების დაკითხვაზე გამოძახება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და მათი სამართლებრივი დევნის დაწყება საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებამდე ხდება. ჩემი აზრით, ამ მოქმედებების დანიშნულება ალასანიას დისკრედიტაცია.“

ვოლკერი ამბობს, რომ ალასანიას საჯარო დისკრედიტაცია მოხდება კორუფციაში მისი პირდაპირი დადანაშაულებით ან იმ შეხედულების გამყარებით, რომ მისი მინისტრობის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო კორუმპირებული უწყება იყო, რაც მინისტრის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს.

თუ თავდაცვის მინისტრი არ ვარგა, უნდა გამოცვალო, [...] მაგრამ როცა ამ თანამდებობაზე გყავს კომპეტენტური ადამიანი, განგრძობითობა ყოველთვის კარგია.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველომ თავდაცვის რვა მინისტრი გამოიცვალა. იმ რთული გამოწვევების ფონზე, რომლებიც ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მხრივ აქვს, თავდაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის და სტაბილური პოლიტიკის ქონა აუცილებელია. მინისტრების ხშირად ცვლა პირდაპირ არ აისახება პოლიტიკის ცვლაზე, თუმცა დასახული მიზნის განხორციელებაში თითოეული მინისტრის ხედვა პროცესის თავიდან დაწყებას თუ არა შეფერხებას მაინც იწვევდა.

ვოლკერი იმ მოსაზრებას არ ეთანხმება, რომ მინისტრების გამოცვლა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე აისახება. „თუ თავდაცვის მინისტრი არ ვარგა, უნდა გამოცვალო,“ აცხადებს ის, „მაგრამ როცა ამ თანამდებობაზე გყავს კომპეტენტური ადამიანი, განგრძობითობა ყოველთვის კარგია.“

ვოლკერი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ კარგად იცის ის, რომ ალასანია დასავლეთში ძალიან მოსწონთ. „მას დასავლეთში იცნობენ როგორც ადამიანს, რომელიც ზრუნავს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაზე. როგორც საქართველოს ელჩმა გაეროში და შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, ალასანიამ მოკავშირეებს შორის დიდი პატივისცემა მოიპოვა. მისი პიროვნების გარშემო დღეს მიმდინარე მოვლენები, ჩემი აზრით, საქართველოს არაფერში ეხმარება. ამით საქართველო იმას ვერ დაადასტურებს, რომ შემდგარი დემოკრატიაა.“

მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებამდე, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პროკურატურის მოქმედებები პოლიტიკურადაა მოტივირებული და მიმრთულია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ. მისი თქმით, „ყველაფერი ეს მიქმნის ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, პოლიტიკურ მომავალს [...].“

ვოლკერი აცხადებს, რომ ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება, ამ ეტაპზე, მას ვერ არწმუნებს ქვეყნის მიერ ორიენტაციის შეცვლაში. „არაფერი უშლის მთავრობას ხელს იმაში, რომ დანიშნოს ახალი თავდაცვის მინისტრი, რომელიც გააგრძელებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. არ მგონია, რომ მისი გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდებოდეს საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციას. ამ ყველაფერს უფრო საქართველოს შიდა პოლიტიკას ვუკავშირებ. ვფიქრობ, რომ მთავრობაში ამჟამად მყოფ ზოგიერთ ადამიანს და მთავრობიდან ახლა უკვე წასულ პრემიერ-მინისტრს მისი პოლიტიკიდან განდევნა სურთ და ამის მიღწევას გამოძიების დაწყებით და ალასანიას საჯარო დისკრედიტაციით ცდილობენ.“

ვოკლერს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია პოლიტიკური ზეწოლის გამო დაითხოვა და არა იმიტომ, რომ გამოძიებამ ის კორუფციაში დამნაშავედ სცნო. იმის გამო, რომ მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება გამოძიების დასრულებამდე და მისი ბრალის დამტკიცებამდე მოხდა, ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება პერსონალური ნიშნით ხდება და არა პოლიტიკურით.