სტუმრად ჩვენს ეთერში: კოტე რუხაძე და კოკა ლაბარტყავა

21 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: კოკა ლაბარტყავა, სათემო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" ხელმძღვანელი და კოტე რუხაძე, ორგანიზაციის სამოქალაქო აქტივისტი. მათ ილაპარაკეს სათემო ორგანიზაციის გამოცდილებაზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით. კოკა ლაბარტყავას თქმით, სათემო ორგანიზაციების როლი პოლიტიკის ფორმირების პროცესში უმნიშვნელოვანესია. "ახალი ვექტორი" ათი წლის წინ შეიქმნა და იყო ნარკოტიკების მომხმარებელთა პირველი სათემო ორგანიზაცია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. შეიქმნა რეპრესიული ნარკოპოლიტიკითა და ნარკომოხმარების ზრდით გამოწვეული ზიანის შემცირების რთული მიზნით. ორგანიზაციის დამფუძნებლებმა ორი მიმართულება აირჩიეს: ზიანის შემცირების სერვისების მიწოდება ნარკომომხმარებლებისთვის და საადვოკაციო კამპანიები ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად. კოკა ლაბარტყავა თვლის, რომ შედეგები ორივე მიმართულებით არის. დიალოგის რეჟიმის ინიცირებითა და განვითარებით ადეკვატურად მოხდა C ჰეპატიტის პრობლემის აქტუალიზაცია და დღეს საქართველო ვირუსის ელიმინაციის პროგრამას ახორციელებს. "ზუსტადაც მნიშვნელოვანია თვითონ იმ ადამიანების როლი, ვისაც პრობლემა ეხება, ვინაიდან ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები ჩვენზე უკეთესად არავინ იცის და ჩვენ მოვალეც ვართ, რომ ამ პრობლემების შესახებ ვისაუბროთ და ზედაპირზე ამოვიტანოთ", - ამბობს "ახალი ვექტორის" ხელმძღვანელი. ორგანიზაციის სამოქალაქო აქტივისტი - კოტე რუხაძემ "დილის საუბრებში" კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სათემო ორგანიზაცია არ ეწევა ნარკომანიის პროპაგანდას, მისი მიზანი სწორედ პრობლემის მასშტაბის შემცირება და ამისათვის გზების ძიებაა: "ჩვენ გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, რომ ჩვენს პრობლემაზე საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული".

Your browser doesn’t support HTML5

კოტე რუხაძე და კოკა ლაბარტყავა "დილის საუბრებში"