4 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კოკა კიღურაძე, „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა თვითმმართველობის რეფორმის არსსა და საჭიროებაზე. კოკა კიღურაძემ ახსნა, თუ რატომ ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც პარლამენტმა ივნისში მიიღო და ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოხსნას 7 ქალაქისთვის. 3 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კოკა კიღურაძის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება იქნებოდა ხაზგასმა იმისა, რომ მხოლოდ უმრავლესობაა პოლიტიკურად პასუხისმგებელი მიღებულ ცვლილებებზე. ცვლილებების ინიციატორი - მთავრობა ლაპარაკობს ტერიტორიულ ოპტიმიზაციაზე, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, იმაზე, რომ "მუნიციპალიტეტების ქალაქებად და სოფლებად დაყოფა ხელოვნურია და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მჭიდროდაა დაკავშირებული". ხელისუფლება აცხადებს, რომ 2014 წელს შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფა და 14 ახალი მუნიციპალიტეტის (მათ შორის, შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქის) ჩამოყალიბება "არ აღმოჩნდა დასახული ამოცანების განხორციელების ეფექტური მექანიზმი". კოკა კიღურაძემ "დილის საუბრებში" ახსნა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი რეალური დეცენტრალიზაცია და რას გულისხმობს თვითმმართველობა, აგრეთვე ისიც - თუ რა შემთხვევაში და რატომ იღებს ხოლმე თვითმმართველობა ცენტრალიზებული მმართველობის ხასიათს. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზეც, რომლითაც მოითხოვენ გაუქმდეს საქართველოს პარლამენტის 15 ივნისის დადგენილება, ვინაიდან პარლამენტმა ცვლილებები მოსახლეობასთან საჯარო განხილვის გარეშე მიიღო, რაც არის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" დარღვევა. კოკა კიღურაძე აგრეთვე შენიშნავს, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციით, თვითმმართველი ერთეულების შექმნა ან გაუქმება დაუშვებელია თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე.
Your browser doesn’t support HTML5