11 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ქეთი ჩუთლაშვილი, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (ECM) იურისტი. მან ილაპარაკა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდგომ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე. EMC იცავს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს. ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის გარდა, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაიაზროს, რომ პანკისთან მიმართებით პოლიტიკა უსაფრთხოების კონტექსტის გარდა უნდა ითვალისწინებდეს რეგიონთან დაკავშირებულ ყველა სოციალურ ასპექტს. იურისტი აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, დასახელდა 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის, არ ჰქონდა მინიჭებული ბრალდებულის სტატუსი. სახელმწიფოს ეს პოზიცია გაუგებარია EMC-ის იურისტებისთვის. მოგვიანებით, სპეცრაზმელის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამოძიების ფარგლებში მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. ამ მოთხოვნით ადვოკატებმა მიმართეს პროკურატურას, თუმცა, ახლა - თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, EMC-ი პროკურატურას მიმართავს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადვოკატებმა გამოძიების მასალების გაცნობა და ოჯახის ინტერესების სრულფასოვნად დაცვა შეძლონ. "დილის საუბრებში" ქეთი ჩუთლაშვილი ჩამოთვლის კითხვებს, რომლებზე დამაჯერებელი პასუხების სახელმწიფოსგან მიღებაც მნიშვნელოვანია.
Your browser doesn’t support HTML5