სტუმრად ჩვენს ეთერში: ქეთევან ვაშაკიძე

​11 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ქეთევან ვაშაკიძე, "ევროპის ფონდის" პრეზიდენტი. მან ილაპარაკა ფონდის შეკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების" მიერ ჩატარებულ გამოკვლევაზე - „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, 2009 – 2017 წლები“. დოკუმენტი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida), საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მხარდაჭერით. "ევროპის ფონდი" ყოველ ორ წელიწადში, უკვე მეხუთედ აქვეყნებს მსგავს ანგარიშს. კვლევების შედეგების შედარების საფუძველზე, ანგარიშში შეფასებულია, თუ როგორ იცვლებოდა მოსახლეობის შეფასებები, მოლოდინები და იმედები ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირი დემოკრატიასთან ასოცირდება. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებებს, რომ ევროკავშირი მშვიდობისა და უსაფრთხოების წყაროა ევროპაში და რომ ესაა დემოკრატიული გაერთიანება, რომელიც მის არაწევრ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. ქეთევან ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ 2009 წელთან შედარებით დღეს საქართველოს მოქალაქეებმა მეტი იციან ევროკავშირზე. თუმცა, გამოკვლევაში ჩანს ისიც, რომ მოსახლეობის ცოდნის დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ისეთი საკითხების თაობაზე, როგორებიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმებები და ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული კონკრეტული პროექტები. განსხვავებულია მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის (ქალაქად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, ქართული და არაქართულენოვანი მოსახლეობის) ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობის დონე. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, სწორედ ევროკავშირს შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებზე და რუსეთზე უკეთ დაეხმაროს საქართველოს. თუმცა, ამ მოსაზრებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი არ იზიარებს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანას სჭირდება ის დახმარება, რომელსაც მას ევროკავშირი უწევს. თუმცა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ძირითად მიმღებად მოსახლეობა საქართველოს პოლიტიკურ ელიტას მიიჩნევს და არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს დახმარება ყოველთვის მიზნობრივად იხარჯება. 2015 წელს 62%-მდე შემცირებული ევროინტეგრაციის პირდაპირ მხარდამჭერთა წილი კვლავ 71%-ამდე გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირისადმი დამოკიდებულება საქართველოში უაღრესად დადებითია, ხოლო ევროინტეგრაციის მხარდაჭერა - უაღრესად ძლიერი. ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება ყველაზე ხშირად (59%) სახელდება იმ ფაქტორად, რომელიც საქართველოს განსაკუთრებულად უშლის ხელს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი; რასაც სიხშირით მოსდევს ქვეყანაში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.

Your browser doesn’t support HTML5

ქეთევან ვაშაკიძე "დილის საუბრებში"