1 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ქეთევან სტვილია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის მენეჯერი და ინა ინარიძე, "მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის" წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს საქართველოში შიდსის გავრცელების სტატისტიკაზე, ინფიცირებულთა გამოვლენის საკითხსა და მკურნალობაზე. ქეთევან სტვილიას თქმით, საქართველოში სავარაუდოდ, 12 ათასი პირია აივ/შიდსით ინფიცირებული, რეგისტრირებულია 6711 შემთხვევა. რეგისტრირებულთაგან 5013 კაცია, 1698 - ქალი. "დილის საუბრების" სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს შიდსით ინფიცირებულთა გამოვლენის ეფექტიანობაზე. ინა ინარიძემ აღნიშნა, რომ ხშირია დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევები. ამას ის საზოგადოებაში არსებული სტიგმითაც ხსნის. აივ/შიდსით ინფიცირებულთა მიმართ სტიგმის მოხსნა არის წლევანდელი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა.
Your browser doesn’t support HTML5