სტუმრად ჩვენს ეთერში: კახა გოგოლაშვილი

31 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კახა გოგოლაშვილი, "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და ავტორი "საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის" პოლიტიკის დოკუმენტისა - "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები". ნაშრომი მომზადდა "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით. პოლიტიკის დოკუმენტში აღწერილი და გაანალიზებულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ეტაპები - როგორ განვითარდა ის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან (PCA) ასოცირების შეთანხმებამდე, როგორ იცვლებოდა კონტექსტი, რომელშიც ევროკავშირი ხედავდა საქართველოს. კახა გოგოლაშვილმა ილაპარაკა ფაქტორებზე, რომლებსაც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და საბოლოოდ - გაწევრიანებაზე. პოლიტოლოგი თვლის, რომ საქართველომ არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და შესაძლებლობების გამოყენებაზე უნდა იზრუნოს, არამედ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში "რეგიონული კონტექსტის დაზუსტებაზე", კერძოდ, საქართველო-მოლდავეთი-უკრაინის ფაქტობრივი ლიდერობისთვის პოლიტიკური იმპულსის გამოკვეთაზე.

Your browser doesn’t support HTML5

კახა გოგოლაშვილი "დილის საუბრებში"