27 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მან ილაპარაკა ადვოკატის პროფესიაში შესვლის რეფორმასა და ახალ სტანდარტებზე. საუბრის დასაწყისში ირაკლი ყანდაშვილს ვკითხეთ მისსა და ასოციაციის პოზიციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მიმდინარე პროცესის მიმართ: "მიგვაჩნია, რომ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, რა თქმა უნდა, შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ხედვები და პოზიციები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, ეს არ უნდა სცდებოდეს ეთიკის და კოლეგიალურობის ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო კარგავს ნდობას სასამართლო სისტემა საზოგადოებაში, კიდევ უფრო პარალიზდება ეს ინსტიტუცია, რომელსაც მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ბოლო-ბოლო ეს არის კონსტიტუციური ორგანო და მისი იმიჯი ილახება. ადვოკატთა ასოციაციის ხედვა არის, რომ უნდა გამონახონ საბჭომ და მისმა წევრებმა კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველა რესურსი, რომელიც, რა თქმა უნდა, მათ გააჩნიათ", - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა. რაც შეეხება, ადვოკატთა ასოციაციის მუშაობას პროფესიაში შესვლის ახალ სტანდარტებზე, ირაკლი ყანდაშვილი განმარტავს, რომ ეს არ არის კაპრიზი, არამედ ეს არის აუცილებელი პროფესიონალიზმის ზრდისთვის. დღესდღეობით, საწყის ეტაპზე პირი აბარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას, რომელიც ელექტრონული წესით ტარდება. ამას მოსდევს გამოცდისშემდგომი ერთწლიანი სტაჟირება. ეს ვადა ახალი ხედვითაც არ იცვლება, თუმცა, გარკვეულწილად იცვლება მისი შინაარსი. ირაკლი ყანდაშვილის განმარტებით, ეს ერთი წელიწადი გაიყოფა ორ ნაწილად: პირველ - სამთვიან პერიოდში გამოცდაჩაბარებული პირი გაივლის თეორიულ კურსს, რომელიც პრაქტიკული უნარების გადაცემასაც გულისხმობს. ეს კურსი მოიცავს: პროფესიულ ეთიკას, იურიდიულ მართლწერას, რიტორიკის უნარების დახვეწას, საადვოკატო ბიუროს მართვას, ადვოკატის პრაქტიკულ უნარჩვევებს. დარჩენილი 9 თვე კი დაეთმობა პრაქტიკულ სტაჟირებას მენტორ-ადვოკატთან ერთად.
Your browser doesn’t support HTML5