10 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი ქარსელაძე, "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" (NCDC) ეპიდემიოლოგი. მან ილაპარაკა სეზონური - გრიპისა და სიპტომურად გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელების პრევენციისა და მართვის საკითხებზე. NCDC-ს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა. ძირითადად ცირკულირებს გრიპისმაგვარი ვირუსები. გრიპით ინფიცირებისა და მისი გავრცელების წინააღმდეგ პრევენციის საუკეთესო საშუალებად ირაკლი ქარსელაძე ვაქცინაციას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ვაქცინაციით მოცვა ყოველ წელს იზრდება. თავის მხრივ სახელმწიფო ყოველ წელს ზრდის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვას, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ყველაზე ძლიერი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის (სამედიცინო პერსონალი, ორსულები, C ჰეპატიტის მკურნალობის პროცესში მყოფები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ა.შ.). გრიპის ვირუსის გავრცელების აქტიურ სეზონად ითვლება სექტემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე პერიოდი. წელიწადის სხვა მონაკვეთებში ვირუსი ცირკულირებს მეტნაკლები სიხშირით. ირაკლი ქარსელაძის თქმით, მაღალი ტემპერატურის, ყელის და თავის ტკივილის, ხველისა და სახსრების ტკივილის სიმპტომების დროს პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს. დროული და სწორი მკურნალობა არის მნიშვნელოვანი დაავადების შემდგომი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსით ინფიცირებული ადამიანი მაქსიმალურად მოერიდოს სხვა ადამიანებთან კონტაქტს. მასთან კონტაქტში მყოფი პირებმა კი უნდა დაიცვან თავი პირბადით. ზოგადად, ვირუსებისგან თავდაცვის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ელემენტარული ჰიგიენის ნორმების დაცვა (ხელების დაბანა, ზედაპირების სველი წესით დამუშავება).
Your browser doesn’t support HTML5