17 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგიის პროფესორი, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა გამოკვლევაზე - "თბილისის მოსახლეობის საჭიროებების შეფასება", რომელიც მოამზადა "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუმა" "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. იაგო კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი მომზადდა იმისათვის, რომ მომავალში თბილისის მერიამ შეძლოს დედაქალაქის ბიუჯეტის მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით დაგეგმვა. გამოკვლევის ფარგლებში პირისპირ გამოიკითხა საარჩევნო ასაკის (18 წლის და ზევით) 3000 ადამიანი. რესპონდენტების უმრავლესობა (56%) აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისი არასწორად ვითარდება. მათგან ნაწილი - 22%-მდე - ერთმნიშვნელოვნად უარყოფითადაა განწყობილი. თბილისის ბოლო სამწლიანი განვითარება ერთმნიშვნელოვნად დადებითად ფასდება თბილისელთა მხოლოდ 3.6%-ის მიერ, თუმცა, დამატებით, თითქმის მესამედია ისეთი (32.8%), ვინც უფრო პოზიტიურადაა განწყობილი. თბილისის სოციალური ცხოვრებისა და ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სფეროს (სულ 21 სფერო) შეფასების უარყოფით ველში მოხვდა, ანუ ყველაზე პრობლემურ სფეროებად დასახელდა: საყრდენი კედლები და ავარიული შენობები, სოციალური დაცვა, ახალმშენებლობები, განათლების ინფრასტრუქტურა, გამწვანება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
Your browser doesn’t support HTML5