სტუმრად ჩვენს ეთერში: გურამ იმნაძე

13 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გურამ იმნაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტი. მან ილაპარაკა "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ღია წერილზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი. პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წუხილი გამოიწვია პარლამენტის თავმჯდომარის 11 დეკემბრის განცხადებამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის შესახებ: "მე შემიძლია დავადასტურო, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის „ქართულ ოცნებაში“, არის განსხვავებული მოსაზრებები, ჩვენ გვჭირდება დამატებითი არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, რაღაცის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მოხმარების გაზრდას, პირიქით, საპირისპირო არგუმენტები გვჭირდება". "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" პარლამენტის სპიკერს შეახსენებს კანონპროექტის შექმნისა და უმრავლესობის წევრი დეპუტატების მიერ მისი ინიცირების, აგრეთვე - ინიცირების შემდეგ მიმდინარე პროცესებს. ღია წერილში წაიკითხავთ: "მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ამგვარი განცხადება მთლიანად უგულებელყოფს რამდენიმეთვიან უმნიშვნელოვანეს სამუშაო პროცესს და აჩენს მმართველი პოლიტიკური გუნდის დამოკიდებულებას ნარკოტიკების მოხმარებლების, მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე საპატიმროებში მყოფი იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც დღეს გაუგონარი უსამართლობის და სახელმწიფოს ირაციონალური მიდგომების გამო იხდიან მრავალწლიან სასჯელებს". გურამ იმნაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება გაისმა 10 დეკემბერს გამართული აქციის პასუხად და არის უგულებელყოფა მთელი წინარე პროცესის, აგრეთვე მისივე კოლეგების უპატივცემულობა. EMC-ს იურისტი ვარაუდობს, რომ ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით მოითხოვა მეტი დრო კანონპროექტზე მუშაობისთვის, რაც, გურამ იმნაძის აზრით, გაუმართლებელია, რადგან ლაპარაკია ათასობით ადამიანის ბედზე.

Your browser doesn’t support HTML5

გურამ იმნაძე "დილის საუბრებში"