9 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გოჩა თუთბერიძე, ეკონომისტი, პროფესორი, "ევროპის უნივერსიტეტის" პრორექტორი. მან ილაპარაკა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების რეგულაციის შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე. ხელისუფლებას განზრახული აქვს კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე არის მხოლოდ: საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო. პროექტში 8 ივნისის ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ერთსულოვნად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესები". იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებაზე მორატორიმის შესახებ კანონპროექტს. ამის პარალელურად, პარლამენტიდან გაიწვევენ ახლახან ინიცირებულ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებების კანონპროექტს. გოჩა თუთბერიძე თვლის, რომ ხელისუფლების ინიციატივას საფუძვლად მხოლოდ პოპულიზმი უდევს და არ ემსახურება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას, პირიქით - ხელისუფლების გადაწყვეტილება ავნებს დარგსაც და ქვეყნის იმიჯსაც. გოჩა თუთბერიძე თვლის, რომ ის შიშებიც, რის პასუხადაც ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას - აიკრძალოს უცხოეთის მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება, უსაფუძვლოა. "დილის საუბრების" სტუმარი განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობა დაბალრენტაბელური სფეროა და ობიექტურად არ არსებობს საფრთხეები, რომლებზეც ხელისუფლება და საზოგადოების ნაწილი ლაპარაკობს. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც, რომელსაც თავად ხელისუფლება სულ სხვა მიზნით იშველიებს. გოჩა თუთბერიძე მიუთითებს დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიდგომაზე და აღნიშნავს, რომ გერმანიის კანონმდებლობა არ ასხვავებს მიწის გერმანელ და უცხოელ მყიდველს. სხვა საკითხია, რომ ქვეყნები ცდილობენ ისეთი პირობები დაუწესონ მყიდველს (მოქალაქეობის მიუხედავად), რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მან აუცილებლად გამოიყენოს და გამოიყენოს სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის. გოჩა თუთბერიძე თვლის, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ არის საკონსტიტუციო საკითხი და ხელისუფლება დღეს დგამს ნაბიჯს ქვეყნის საზიანოდ, იმავე გლეხის საზიანოდ და ეს გადაწყვეტილებები მომავალში აუცილებლად შეიცვლება. რეალურ პრობლემად გოჩა თუთბერიძე ასახელებს იმას, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უდიდესი ნაწილი კვლავ სახელმწიფოს ხელშია, რომ ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ეკონომიკის ხელშემწყობი თამაშის წესების დადგენაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრების ძიებაზე და ისეთი პირობების შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობდა თავისუფალ ეკონომიკურ აქტივობას. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება - აკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისება, სცდება სოფლის მურნეობის სფეროს.
Your browser doesn’t support HTML5