1 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ონიანი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. მან ილაპარაკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის მნიშვნელობასა და ღია წერილზე, რომელიც ვიცე-პრეზიდენტს ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ქვეყნისთვის უმთავრეს პრობლემად თვლიან "მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციის ერთპიროვნულ რეფორმირებას", ისინი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავენ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გამო და ყურადღებას ამახვილებენ "სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების დაუსჯელობასა და ანგარიშვალდებულების არარსებობაზე". წერილში ლაპარაკია აგრეთვე "მედიაგარემოს გაუარესებასა და პლურალიზმის შემცირების მცდელობებზე". წერილის ავტორები გამოთქვამენ იმედს, რომ "აშშ გააგრძელებს საქართველოს მიმართ აქტიურ პოლიტიკურ ჩართულობასა და გრძელვადიან პოლიტიკას", ხაზს უსვამენ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას, გამოხატავენ რწმენას, "რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მთელი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებს ემსახურება და სასარგებლო იქნება ალიანსისთვის". გიორგი ონიანმა აღნიშნა, რომ მაიკ პენსის ვიზიტი თავისთავად არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო მოხვდა მის ახლანდელ ტურნეში. რაც შეეხება პრობლემებს და მათი გადაჭრის პერსპექტივას, "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ ეს პოლიტიკური ნების საკითხია. გადაცემის მიწურულს "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო დავით უსუფაშვილი, "შენების მოძრაობის" ხელმძღვანელი, რომელიც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 1 აგვისტოს დილით შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს. მან განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი არის მკაფიო პასუხი მათთვის, ვინც თვლის, რომ საქართველო აღარ არის საინტერესო არც აშშ-სთვის, არც ევროპისთვის და ზოგადად, დემოკრატიული სამყაროსთვის. მეორე მხრივ, ეს არის გზავნილი საქართველოსთვის, რომ დასავლეთის დაინტერესება მან კიდევ უფრო ხელსაყრელად უნდა გამოიყენოს. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მან უფრო მეტად ისაუბრა ეკონომიკის საკითხებსა და სტრატეგიული თანამშრომლობის იმგვარად განვითარებაზე, რომ ის მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახოს. შეხვედრაზე ლაპარაკი იყო საქართველოში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე, მათ შორის: საკონსტიტუციო და საარჩევნო საკითხებზე მეტი კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობაზე.
Your browser doesn’t support HTML5