10 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ნასრაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშზე - "თბილისი მერიის სისტემაში 2014-2017 წლებში განხორციელებული შესყიდვები". გიორგი ნასრაშვილი დოკუმენტის თანაავტორია. მისი თქმით, გამოკვლევა ეფუძნება საჯარო ინფორმაციას, რომელიც მერიის სისტემაში განხორციელებულ შესყიდვებს ეხება. მან დაასახელა ისეთი შესყიდვების მაგალითები, რომლებიც კითხვებს ბადებს და მათზე პასუხები შემსყიდველმა უნდა გასცეს. ანგარიშის თანახმად, 2014-2017 წლებში თბილისის მერიის სისტემაში ტენდერების გზით სულ 3738 ხელშეკრულება გაფორმდა, უარყოფითი შედეგით დასრულდა 183, არ შედგა 490 და შეწყდა - 215. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 606 მილიონ 500 ათასი ლარია. გიორგი ნასრაშვილმა ილაპარაკა ტენდერებში ისეთი კომპანიების გამარჯვების შემთხვევებზეც, რომლებშიც ან ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ, ან ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაარსდა. გამოკვლევაში ერთი თავი ეთმობა ტენდერებში ისეთი კომპანიების გამარჯვებას, რომლებმაც მოგვიანებით მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემოწირულება განახორციელეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში ნახავთ ინფორმაციას ყველაზე მსხვილ კონტრაქტებზე, ყველაზე მსხვილ მიმწოდებლებსა და ერთმონაწილიან ტენდერებზე.
Your browser doesn’t support HTML5