24 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი მუმლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დასახელებასა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის სტარტზე. გიორგი მუმლაძის თქმით, ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლებსაც პრეტენზიები ჰქონდათ საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ წევრთან, რომელსაც ისინი ყოფილ ხელისუფლებასთან სიახლოვის გამო აკრიტიკებდნენ, დღეს თავად (მათ შორის, თავად კანდიდატიც) არ თვლიან მნიშვნელოვან ფაქტორად მათივე კანდიდატის პოლიტიკურ კუთვნილებას. კონსტიტუციონალისტი თვლის, რომ უმნიშვნელოვანესია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა და ეს ინსტიტუტი პასუხისმგებლობით ასრულებდეს თავის მოვალეობას. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესს, გიორგი მუმლაძის აზრით, ხელისუფლებას აქვს თავისი კონკრეტული დღის წესრიგი და იმისდა მიუხედავად, რა პროექტს მოამზადებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, ის თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს მიჰყვება და იმ ცვლილებებს განახორციელებს, რასაც პოლიტიკურად მომგებიანად თვლის.
Your browser doesn’t support HTML5