9 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გიორგი ლილუაშვილი, პარტია "საქართველოს" (N17) თავმჯდომარე და ვარლამ ავალიშვილი, პარტია "საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
მათი წარდგენა რადიო თავისუფლების ეთერში პარტიის ჰიმნით დაიწყო. გიორგი ლილუაშვილის თქმით, პარტია "საქართველოს" ძირითად დამფუძნებლები არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციის - "საქართველოს ეროვნული აკადემიის" აკადემიკოსები. გიორგი ლილუაშვილი აცხადებს: "ჩვენი ეროვნული ღირებულებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ და ჩვენი მეობა მსოფლიო საზოგადოებას უნდა გავაცნოთ და მსოფლიო საზოგადოებაში უნდა შევიდეთ ჩვენი მეობით, ჩვენი ეროვნული ღირებულებებით". პარტია "საქართველოს" თავმჯდომარე ლაპარაკობს ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს მშენებლობის იდეაზე: "ერთიანი კავკასია უნდა შევიდეს იმ ევროპულ ღირებულებებში,.. ევროპულ სახლში". ქვეყნის შიგნით გარდასაქმნელ სფეროებს შორის გიორგი ლილუაშვილი უპირველესად ასახელებს განათლების სისტემას და თვლის, რომ უნდა შეიქმნას ეროვნული პროგრამები, რომლებიც ქვეყნის საჭიროებას დაეფუძნება. პარტია "საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვარლამ ავალიშვილმა თქვა, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და სინქრონულად უნდა ვითარდებოდეს: "არ შეიძლება იდეალური მანქანა ავაწყოთ, მაგალითად, "ფერარის" ძრავით და დავუყენოთ "მოსკვიჩის" სავალი ნაწილი. თუ გვინდა, რომ სისტემამ იმუშაოს, აბსოლუტურად ყველა კვანძი, ყველა დეტალი უნდა მუშაობდეს გამართულად". საქართველოს პერსპექტიულ ინტერესად ვარლამ ავალიშვილი ასახელებს შავიზღვისპირა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში ღირსეული ადგილის დაკავებას. გიორგი ლილუაშვილმა ილაპარაკა სახელმწიფოს მიერ საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობაზე. თვლის, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში უნდა შეიქმნას გადამამუშავებელი საწარმოები. გიორგი ლილუაშვილის აზრით, იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის ექსპორტი გაიზარდოს, ქვეყანაში ადგილობრივ საჭიროებაზე ჭარბი პროდუქცია უნდა იწარმოებოდეს. პარტია "საქართველოს" თავმჯდომარემ ილაპარაკა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მეტად ჩართვაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში. გიორგი ლილუაშვილმა საუბარი პარტიის სლოგანით დაასრულა - "განათლებული საზოგადოება, ძლიერი საშუალო ფენა!".
Your browser doesn’t support HTML5