სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი კანაშვილი

Your browser doesn’t support HTML5

8 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი კანაშვილი, "კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის ინიციატივას - სამხრეთ ოსეთის სახელწოდების შეცვლაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ლეონიდ თიბილოვის აზრით, "ახლანდელი სახელწოდების - სამხრეთ ოსეთის შენარჩუნებით, უნდა შემოვიღოთ მეორე - სახელმწიფო ალანია". გიორგი კანაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზებისა და ოსების "პროექტები" იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ აფხაზები არავისთან მიერთებას არ აპირებენ, მათი მიზანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაა, ოსების "პროექტი" კი იმთავითვე მოიცავდა ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების იდეას. ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების საკითხი პერიოდულად აქტუალურდება ხოლმე ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების მიერ. გიორგი კანაშვილი არ თვლის, რომ სამხრეთ ოსეთი ერთ-ერთი ყველაზე დახურულია ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის. მისი დაკვირვებით, სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე დამოუკიდებლობის იდეის მხარდამჭერებისა. ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ თბილისის რეაქცია მოჰყვა - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის განცხადებები, რომლებშიც დაგმობილია რეფერენდუმის განზრახვა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობა და ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. გიორგი კანაშვილი თვლის, რომ ქართული სახელმწიფო არ უნდა იყოს რეაქციულ რეჟიმში, არამედ მისგან უნდა მოდიოდეს ინიციატივა. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების, არამედ ჩრდილოეთ ოსეთში არსებულ განწყობებსა და ამ ერთეულის ინტერესებზე ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარებისა და თბილისთან ურთიერთობის კუთხით. "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო ლევან გერაძე, „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. ის თვლის, რომ რეფერენდუმის ჩატარებით ცხინვალის ხელისუფლებას ერთი მხრივ, სურს აჩვენოს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ რაღაც ხდება, იცვლება, მეორე მხრივ - თავი გამოიჩინონ რუსეთში "თავიანთ პატრონებთან".