სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ჯაში

17 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ჯაში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი მდივანი. მან ილაპარაკა ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების ეფექტსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ეს რეჟიმი ანიჭებს საქართველოს მოქალაქეებს. გიორგი ჯაშმა კონკრეტულად განმარტა ის გზები, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის გამოყენება შეუძლია ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში სამუშაო ადგილისა და მუშაობის უფლების ლეგალურად მოპოვებისთვის. თავისთავად უვიზო მიმოსვლა არ ითვალისწინებს მუშაობის უფლების მიღებას, თუმცა, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყანაში მოკლევადიანი ვიზიტი საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს ინფორმაციის მოპოვების, პოტენციურ დამსაქმებელთან მოლაპარაკებისა და მუშაობის უფლების მიღების გზების მოძიებისთვის. გიორგი ჯაშმა ილაპარაკა აგრეთვე ევროპაში სამგზავრო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაზე (ETIAS), რომელიც, საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ახალი სისტემა ითვალისწინებს სპეციალური განაცხადის შევსებასა და 5 ევროს გადახდას გამგზავრების მსურველი ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ვინც უვიზო რეჟიმით სარგებლობს. "დილის საუბრების" სტუმარმა განმარტა, რომ ETIAS-ზე მსჯელობა დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მოლაპარაკებებს შეუდგებოდა და არასწორია ამ ინიციატივის დაკავშირება უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ პრაქტიკასთან, ან რაიმე სტატისტიკასთან. სისტემის ამოქმედება არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნების უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, არამედ გამგზავრების არაერთ მსურველს ააცილებს თავიდან უშუალოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნის საზღვართან შეიტყოს ამა თუ იმ ხარვეზის შესახებ, რის გამოც შეიძლება უარი უთხრან ქვეყანაში შეშვებაზე. ETIAS-ის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს (უვიზო რეჟიმით მოსარგებლე სხვა ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად) შესაძლებლობა ექნება იზრუნოს კონკრეტული ხარვეზის გასწორებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაემგზავროს დანიშნულების ქვეყანაში.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ჯაში "დილის საუბრებში"