9 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი. მან ილაპარაკა ევროპის ერთიანობის ისტორიასა და დღევანდელობაზე. საუბრის დასაწყისში ის შეეხო საფრანგეთის არჩევნებს და შემდგომ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ეს ქვეყანა დგას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და საპარლამენტო არჩევნების წინ, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალის გაძლიერების თვალსაზრისით. გიორგი გობრონიძის შეფასებით, საფრანგეთში არსებული გამოწვევები მხოლოდ გადავადდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, თუმცა რჩება დღის წესრიგში. პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ევროკავშირში არ ხუჭავენ თვალს კრიზისზე, არამედ აღიარებენ მას და მსჯელობენ გამოსავლის გზებზე. გიორგი გობრონიძემ ილაპარაკა ევროპის დამოკიდებულების ცვლილებაზე რუსეთის მიმართ, რომ ევროპა დღეს ღიად ლაპარაკობს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, რაც არ ხდებოდა სულ ახლო წარსულში, როცა ევროკავშირი რუსეთში ხედავდა მეტ შესაძლებლობას, ვიდრე საფრთხეს. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა საქართველოს როლი რეგიონში და მისთვის მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩენისთვის: "ჩვენ მივდივართ იქით, სადაც რეალურად მსჯელობენ პრობლემებზე და ეძებენ პრობლემების გადაჭრის გზას", - ამბობს გიორგი გობრონიძე.
Your browser doesn’t support HTML5