27 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გია ჯანდიერი, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი. მან ილაპარაკა მსოფლიო ბანკის ანგარიშზე - "ბიზნესის წარმოება 2017" (Doing Business 2017). საქართველომ ბიზნესის წარმოების რეიტინგში წინ წაიწია და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილი დაიკავა. გია ჯანდიერმა მიმოიხილა ამ წინსვლის მიზეზები და ჩამოთვალა ის პარამეტრებიც, რის მიხედვითაც აფასებს მსოფლიო ბანკი ამა თუ იმ ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიადვილეს. მან აღნიშნა, რომ ერთის გარდა, ყველა კომპონენტი იგივე დარჩა ან გაუმჯობესდა. ერთადერთი კომპონენტი გაუარესდა და ეს ეხება საწარმოთა ლიკვიდაციის პროცედურას. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ მთავრობამ იზრუნა გარკვეული საკითხების (უფრო მეტად ტექნიკურის) მოგვარებაზე, რამაც გააუმჯობესა კიდეც რეიტინგი. გია ჯანდიერმა ილაპარაკა იმ ფაქტორებზეც, რომლებიც ამ კონკრეტული ანგარიშის მიღმაა და რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის და მათ შორის დაასახელა - ადგილობრივი ვალუტის სტაბილურობა, სასამართლოს მიუკერძოებლობა, კერძო საკუთრების დაცულობა და ა.შ..
Your browser doesn’t support HTML5