10 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ელენე ფანჩულიძე, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მოცემულ ეტაპზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მკვლევრებმა მოამზადეს პოლიტიკის დოკუმენტი - "ევროკავშირთან თანამშრომლობა გარდამავალ პერიოდში: სტრატეგია საქართველოსთვის". ნაშრომის პრეზენტაცია უკვე მოეწყო პარლამენტარებისა და პოლიტიკით დაინტერესებული პირებისთვის. ნაშრომის ავტორები თვლიან, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის დაწესების შემდეგ, საჭიროა მორიგი მოკლე ან საშუალოვადიანი ორიენტირის განსაზღვრა. პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები წარმოადგენენ ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის სამ შესაძლო მაკრო-ინტეგრაციის ფორმატს: ევროკავშირის საბაჟო კავშირს, ევროპის ეკონომიკურ ზონასა და სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ. ელენე ფანჩულიძის შეფასებით, სამივე ფორმატი რთულად მისაღწევია. საჭიროა ზუსტად განისაზღვროს რომელი მათგანი იქნებოდა უფრო მომგებიანი საქართველოსთვის. საქართველოს ევროპული პერსეპქტივა არ არის ოფიციალურად განსაზღვრული. სწორედ ამ განსაზღვრულობის მომენტამდე პერიოდს უწოდებენ "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მკვლევრები "გარდამავალ პერიოდს". ნაშრომში საინტერესოდ არის შედარებული ევროკავშირისა და საქართველოს ინტერესები.
Your browser doesn’t support HTML5