22 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ელენე ნიჟარაძე, იურისტი, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა საქართველოს კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტზე, რომლებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში იქნება "არა კონსენსუსის და ფართო საზოგადოების შეთანხმების საგანი, არამედ ერთი პარტიის მიერ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების შედეგი". 21 ივნისის ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ პარტიას მოუწოდებენ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, აგრეთვე საკუთარი დაპირება საზოგადოების მიმართ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოს მაქსიმალური კონსენსუსის შედეგად და აუჩქარებლად. ელენე ნიჟარაძემ განმარტა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და მისი გადავადება სრულიად არაადეკვატურია. ამასთან ეს არის ერთპარტიული გადაწყვეტილება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება კონსენსუსის სულისკვეთებასა და სახელმწიფო კომისიის მუშაობის არსს.
Your browser doesn’t support HTML5