26 დეკემბერს "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკატერინე ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, გელა კვაშილავა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე და გოგა ჩანადირი, ფოტორეპორტიორი, საგზაო უსაფრთხოებისთვის მოძრაობის აქტივისტი. მათ ილაპარაკეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობაში ერთი წლის წინ დაანონსებული ცვლილებების აუცილებლობაზე.
Your browser doesn’t support HTML5
24 დეკემბერს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან გამართეს მორიგი აქცია, რომლითაც ერთი მხრივ საზოგადოებას შეახსენეს საგზაო უსაფრთხოების აქტუალურობა, მეორე მხრივ კი ხელისუფლებას მოუწოდეს ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად პრევენციული ზომების გატარებისკენ. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ურჩი მძღოლების მიმართ კანონმდებლობის გამკაცრება აღარ უნდა გაჭიანურდეს, რადგან დროული მოქმედება შეამცირებდა მსხვერპლს და დაშავებულთა რაოდენობას, რაც ადამიანური ტრაგედიის გარდა ეკონომიკურად აზარალებს სახელმწიფოს. ეკატერინე ლალიაშვილმა გაიხსენა უკონტაქტო პატრულირების იდეასთან დაკავშირებული კრიტიკაც, თუმცა, თვლის, რომ უკონტაქტო პატრულირებისა და მართვის მოწმობაზე მიბმული ქულათა სისტემის ამოქმედება შედეგს მოიტანს. გელა კვაშილავამ ილაპარაკა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კომპლექსურობასა და სფეროს კოორდინაციის მნიშვნელობაზე. გოგა ჩანადირმა ილაპარაკა სავალალო სტატისტიკაზე და საკითხის პრიორიტეტულობის გააზრების მნიშვნელობაზე, რადგან კანონმდებლობის შეცვლამდეც შესაძლებელია ელემენტარული ზომების გატარება, რაც ეფექტიანი იქნებოდა და დიდ ხარჯს არ უკავშირდება. "დილის საუბრების" სტუმრები განმარტავენ, რომ ურჩი მძღოლების დასჯის ეფექტიანი სისტემა ბევრ ქვეყანაშია გამოცდილი და სხვაგვარად, მხოლოდ ფულადი ჯარიმებით ვითარება არ გამოსწორდება.