29 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმრავლესობისა და ოპოზიციის დიალოგის განახლების პერსპექტივაზე. ეკა გიგაური თვლის, რომ ჩიხური ვითარებაა. ერთი მხრივ, უმრავლესობამ გადაწყვიტა 7 წლით გადაავადოს საარჩევნო სისტემის შეცვლა, მეორე მხრივ, ოპოზიციისთვის მთავარი საკითხი არის საარჩევნო სისტემა და 2020 წლიდანვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, თვლის, რომ კარგი იქნებოდა ამ ვითარებაში ოპოზიციამ არ დააყენოს ბევრი საკითხი და რამდენიმე უმნიშვნელოვანესზე შეთანხმდეს. ეკა გიგაურის შეფასებით, მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ძირეული ცვლილების გატარება არ უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოთხიდან ერთ მოთხოვნას მაინც აიღებდა სამსჯელოდ: "თუ მათ აქვთ სურვილი, რომ კონკრეტული ცვლილება განახორციელონ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მათ ეს შეუძლიათ გააკეთონ. თუ ესენი საუბრობენ იმაზე, რომ რაღაცებში გამოიჭირონ ოპოზიცია, ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ, აქ მთავარია სურვილი. ვხედავთ, რომ ამის გაკეთება არ უნდათ. იმით, რომ მათ არ შეაქვთ ცვლილებები საარჩევნო სისტემის ნაწილში, ისინი აცხადებენ, რომ კიდევ 7 წელი უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში და გვინდა უპირატეს მდგომარეობაში ვიყოთ. ეს, მგონი, არ არის სწორი და ნამდვილად არ წაადგება ქვეყანას", - ამბობს ეკა გიგაური "დილის საუბრებში".
Your browser doesn’t support HTML5