4 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დიმიტრი ხუნდაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მან ილაპარაკა გრძელვადიან დოკუმენტზე - "ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030", რომელზე მუშაობასაც შეუდგა ჯანდაცვის კომიტეტი. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის კომიტეტში თავის დროზე უცხოელ პარტნიორთა მხარდაჭერით, შემუშავდა სფეროს განვითარების ორწლიანი (2015-2017) გეგმა, ახლა კი გადაწყდა უფრო გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომლის უმთავრესი მიზანი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაზრდა იქნება. ამ ხედვის საფუძველზე შეიქმნება სამოქმედო გეგმა. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული მაჩვენებლები (მათ შორის, 0-დან 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი) უმჯობესდება, თუმცა, ამ მაჩვენებლებით საქართველო ჩამორჩება საერთო-ევროპულს და გრძელვადიან ხედვაში განისაზღვრება ახალი მიზნები. ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად დეპუტატი ასახელებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების დეფიციტს და განსაკუთრებით გამოყოფს ექთნების მწვავე ნაკლებობის პრობლემას. მეორე საკითხია სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემგომი უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა. დიმიტრი ხუნდაძე ლაპარაკობს ჯანდაცვის სისტემაზე საბიუჯეტო დანახარჯების შესახებაც. ეს ხარჯი იზრდება, თუმცა, არასაკმარისია იმ მიზნების მისაღწევად, რაც გრძელვადიანი ხედვის სამუშაო დოკუმენტშია დასახული. ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, რაც უკავშირდება როგორც მკურნალობის ეფექტიანობის, აგრეთვე ჯანდაცვის სისტემაზე დანახარჯების ეფექტიანობის გაზრდასაც. მნიშვნელოვანი საკითხია სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობისა და ხარისხის შეფასების მექანიზმების შექმნა. დიმიტრი ხუნდაძემ ილაპარაკა როგორც ექიმთა, ისე სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირების სისტემის დახვეწის საჭიროებაზე. დეპუტატი შეეხო სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხსაც. სამედიცინო სფეროს მართვის თემაზე საუბრისას დიმიტრი ხუნდაძე გამოყოფს მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის ამოცანას.
Your browser doesn’t support HTML5