დენიელ ფეიტა: "უნდა გამოინახოს ნატო-საქართველოს უფრო ახლო ურთიერთობის ფორმა"

დენიელ ფეიტა 2005-2008 წლებში ნატოსა და ევროპის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილე იყო. 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, ალიანსის მიერ საქართველოსთვის სამომავლო წევრობის პირობის მიცემის ერთ-ერთი ინიციატორი - სხვა ამერიკელ კოლეგებთან ერთად - ფეიტაც იყო.

სექტემბერში უელსში დანიშნულ ნატოს სამიტზე ალიანსის გაფართოება უკვე მეხუთე წელია, მოსალოდნელი არ არის. შეკითხვაზე, თუ რას მოელის ის უელსის სამიტისგან, ფეიტამ განაცხადა:

დენიელ ფეიტა: 10 წლის განმავლობაში ეს მერვე სამიტია. ძალიან ბევრ სამიტს ვმართავთ და საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ფოკუსი აკლდება. ამ სამიტის თემები დღეს მიმდინარე მოვლენების გარშემო იტრიალებს. თავდაპირველად, მისი დანიშნულება ავღანეთში ათწლიანი ოპერაციის დასრულების და ოპერაციაში 50-ზე მეტი პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობის აღნიშვნა უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ძირითადი ფოკუსი უნდა გაკეთებულიყო 2014 წლის შემდეგ ალიანსის მისიაზე. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და ავღანეთში მდგომარეობის გაუარესებამ ეს ყველაფერი შეცვალა. ამ ფონზე, სამიტის მიზანი იქნება იმის განხილვა, თუ რას წარმოადგენს ნატო დღეს, როგორ უნდა უზრუნველყოს ალიანსმა მოკავშირეებისა და წევრების კოლექტიური თავდაცვა და როგორ უნდა დაარწმუნოს ისინი ამ გარანტიის სანდოობაში. სამწუხაროა ის, რომ ნატოს პარტნიორობის დახვეწის საკითხმა პრიორიტეტულობა დაკარგა. უკრაინის კრიზისამდე, ეს საკითხი აქტიურად არ განიხილებოდა, მაგრამ ახლა უფრო ნაკლებად განიხილება. სამიტი მთლიანად ნატოს ამჟამინდელ წევრებს დაეთმობა, რაც, ჩემი აზრით, მცდარი მიდგომაა.

ამერიკის ხმა: როგორ ფიქრობთ, დაიღალა თუ არა ნატო გაფართოების თემის განხილვით? ხუთი წელია ალიანსს ახალი წევრი არ ჰყავს.

დენილ ფეიტა: ეს სამწუხაროა. 25 წლის წინ ბერლინის კედელი დაინგრა. 20 წლის წინ დაიწყო პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“, რომელმაც ევროპაში პირველი დიდი პროცესი წამოიწყო როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის გაფართოების კუთხით. 15 წლის წლის წინ პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და უნგრეთი შეუერთდნენ ნატოს, 10 წლის წინ „დიდი აფეთქება“ მოხდა და ალიანსმა შვიდი ახალი წევრი მიიღო, ხუთი წლის წინ კი ალბანეთი და ხორვატია გაწევრიანდნენ. ახლა, იმ ხუთწლიან ზღვარზე ვართ, როცა რაღაც უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამჟამად დაგეგმილი არაფერია. ნატო გარკვეულწილად დაიღალა გაფართოების პროცესით. თუმცა, ამასთან არის გაურკვევლობა - ძირითადად ევროპელებში - თუ რომელ ქვეყანას შესთავაზოს ალიანსმა წევრობა. 2008 წელს იყო საქართველოს და უკრაინის ნატოსთან დაახლოების ბიძგი, მაგრამ გარე ფაქტორებმა ეს პროცესი შეანელა. თუმცა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ზოგადად, ევროპასთან დაახლეობა არ შენელებულა. ისტორიაში პირველად, შეიძლება მოწმე გავხდეთ იმისა, რომ ქვეყნები უფრო სწრაფად გადავიდნენ ევროკავშირის წევრობის მომდევნო საფეხურზე, ვიდრე ნატოს წევრობის იმავე ეტაპზე. ჩემი აზრით, საქართველოს ნატოსთან უფრო ახლო დგომის შესაძლებლობა უნდა დაფიქსირდეს ალიანსის მხრიდან, იმაზე მეტად, ვიდრე ახლა გვაქვს.

ამერიკის ხმა: ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მიცემა ამ სამიტზე განხილული არ იქნება, ალიანსი მზადაა საქართველოს „არსებითი პაკეტი“ შესთავაზოს, რომლის დანიშნულებაც ალიანსთან ამ ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოება იქნება. თქვენი აზრით, პრაქტიკული თვალსაზრისით რას ნიშნავს ეს პაკეტი საქართველოსთვის?

დენიელ ფეიტა: ჩემი აზრით ეს იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატომ კარგი განცხადება გააკეთა, რომ საქართველო და უკრაინა ერთ დღეს გახდებიან წევრები. მაგრამ ამ ტექსტში გაწერილი არ იყო ამისთვის საჭირო მექანიზმები, რამაც ყველაფერი დაუკონკრეტებელი დატოვა. როგორც მოგვიანებით ვნახეთ, ამან გარე მოთამაშეს საშუალება მისცა, სიტუაცია აერია და ვადები შეეცვალა. გენერალური მდივანი, ვფიქრობ, ცდილობს, შეიმუშაოს მექანიზმი საიმისოდ, რომ მოკავშირეებმა შეაფასონ, რამდენად უახლოვდება საქართველო ნატოს წევრობას. მაგრამ ამასთან ერთად, პაკეტის დანიშნულება ისიცაა, რომ საქართველოში პროდასავლურ ძალებს - რომლებიც ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენენ - იმის შეგრძნება განუმტკიცოს, რომ დასავლეთს კვლავინდებურად სურს ალიანსში საქართველოს მიღება. პაკეტი გაწერს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ სამხედრო თვალსაზრისით თუ მართვის კუთხით. ამასთან, შეიძლება ჩაიდოს მექანიზმები, რომლებიც საბოლოო ჯამში რუსეთთან არსებულ ტერიტორიულ დავას გადაწყვეტს.

ამერიკის ხმა: თქვენ მართვა ახსენეთ... რისი გაკეთება შეუძლია, ან რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ იმისთვის, რომ ნატოში გაწევრიანების პროცესი დააჩქაროს, ან ხელი შეუწყოს ამ პროცესის შეუფერხებლად წარმართვას?

დენიელ ფეიტა: ჩემი პირადი აზრია, რომ მთავრობამ ყველას უნდა დაანახვოს, რომ შესაძლებელია ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ანგარიშსწორებისა და კუდიანებზე ნადირობის გარეშე. მე არ ვამბობ, რომ წინა ხელისუფლებას შეცდომები არ დაუშვია. თუ მართლაც იყო ასეთი ფაქტები, ახლანდელი და ნებისმიერი მომავალი ხელისუფლების დემოკრატიული ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, შეისწავლოს წინა დარღვევები. მაგრამ ყველაფერი დაფუძნებული უნდა იყოს ფაქტებზე და არ უნდა იქმნებოდეს კუდიანებზე ნადირობის შთაბეჭდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სამოქალაქო საზოგადოებაში შეიქმნება შეხედულება, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხრივ პროგრესი არ შეინიშნება და თუ არ ხარ დემოკრატია, მაშინ ნატოს წევრი ვერ გახდები. მე არ ვამბობ, რომ საქართველო დემოკრატია არ არის, მაგრამ მთავრობის ზოგიერთი ქმედება შეკითხვას აჩენს იმაზე, არის თუ არა საქართველო პოლიტიკურად და დემოკრატიულად სათანადოდ შემდგარი ქვეყანა იმისთვის, რომ ალიანსის წევრი გახდეს.

ამერიკის ხმა: ბოლო ხანს განხორციელებული დაკავებები ქმნის თუ არა შთაბეჭდილებას, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება შეფერხდა?

დენიელ ფეიტა: რთული სათქმელია. მყავს უამრავი მეგობარი და მე თავად კვლევითი ორგანიზაციის წევრი ვიყავი, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს შეისწავლიდა. ვიცი, რომ გამოქვეყნდა რამდენიმე ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ზოგიერთი ნაბიჯი გამართლებული არ იყო, თუმცა ამავე დროს, იყო ნაბიჯები, რომლებსაც მყარი საფუძველი ჰქონდა. რთულია იმის თქმა, შეფერხდა თუ არა საქართველოში დემოკრატიული განვითარება. მთავარი ფაქტორი მასშტაბებია. კონკრეტული ადამიანების ვინაობა რომ არ გავითვალისწინოთ და მხოლოდ დაკავებების მასშტაბებს შევხედოთ, პოლიტიკური ანგარიშსწორების, შურისძიების სურვილის შთაბეჭდილება იქმნება, რაც დემოკრატიისთვის ჯანსაღი მდგომარეობა არ არის. თუ დაკავებები ფაქტებს ეფუძნება, ისინი გამართლებულია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შეინიშნება ტენდენცია, რომ უამრავ ადამიანს იჭერენ იმისთვის, რომ მათ მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება აქვთ. არ ვამბობ, რომ საქართველოშიც ასეა, მაგრამ ბევრი კომენტარი იქნა იმაზე გაკეთებული, რომ ზოგიერთი გახმაურებული დაკავება პოლიტიკური შეხედულებებით უფრო იყო მოტივირებული, ვიდრე ფაქტებზე დაყრდნობით.

ამერიკის ხმა: მოდით ახლა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე ვისაუბროთ. უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდებამ, სავარაუდოდ, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დინამიკა უნდა შეცვალოს. მოელით თუ არა რაიმე ცვლილებას?

დენიელ ფეიტა: დიახ, მოველი. თვითმფრინავის კატასტროფის დღეს პოლონეთში ვიყავი. პოლიტიკოსებთან, მკვლევრებთან და რიგით მოქალაქეებთან საუბრისას იკვეთებოდა მოსაზრება, რომ ურთიერთოებების ახალ ფაზაში შევდივართ, რაც რუსეთთან მდგომარეობის ესკალაციას მოიტანს. ჯერ ფაქტები არ გვაქვს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ პუტინი ჩართული იყო თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტში. რთულია იმის დაჯერება, რომ რუსეთის იარაღი და რუსეთი ამ ინციდენტში გარეული არ ყოფილა. ამერიკამ რუსეთს სანქციები დაუმატა ინციდენტამდე ერთი დღით ადრე. ანუ ამ შემთხვევამდეც კი, ჩვენ რუსეთთან უფრო მკაცრი ურთიერთობის დამყარების გზას ვადექით. არ ვიცი, როგორ შეიძლება დატოვოს ევროკავშირმა საკუთარი 200 უდანაშაულო მოქალაქის მკვლელობა - მაშინ, როცა მათ ფაქტობრივად ეძინათ - რუსეთის წინააღმდეგ სათანადო პასუხის გარეშე. არ მგონია, ევროპელებმა იმავე დონის სანქციები დააწესონ, როგორიც ამერიკამ დააწესა, მაგრამ ეს მაინც ხმამაღალი განცხადება იქნება. პუტინი ახლა იმაზე ფიქრობს, რომ თუ ვერ აკონტროლებს აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენებს, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება და თუ აკონტროლებს მაშინ - კიდევ უარესი. იმედი მაქვს, თუ ამერიკა და ევროპა ერთხმად მიიღებენ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების გადაწყვეტილებას, ის მიმართული იქნება მდგომარეობის დეესკალაციისკენ და არა ესკალაციისკენ.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, რას ნიშნავდა თვითმფრინავის ჩამოგდება პუტინისთვის რუსეთის შიგნით? ნაციონალისტური თვალსაზრისით, როგორ აღიქმება მისი მოქმედებები, რომ ის სრულად აკონტროლებს უკრაინაში არსებულ მდგომარეობას, თუ პირიქით, თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ გამოჩნდა, რომ ის კონტროლს კარგავს?

დენიელ ფეიტა: ეს საინტერესეო შეკითხვაა. შეხედეთ რუსულ ახალ ამბებს თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. ამბობდნენ, უკრაინელებს პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება სურდათო. იყო სხვა განცხადებებიც. ისინი ყველა შესაძლებლობას სინჯავენ, რომ ნახონ, რაზე წამოეგება საზოგადოება, ისევე როგორც ეს საქართველოში, შემდეგ უკრაინაში გააკეთეს და ახლა ამასვე აკეთებენ მედიაში. მოგეხსენებათ, უკრაინამ გამოაქვეყნა სატელეფონო ზარის ჩანაწერი, რუსეთს ამაზე საპასუხო რეაქცია არ ჰქონია. არ ვიცი, როგორ ხედავს ამას რუსეთის საზოგადოება, მაგრამ გამომდინარე მათი მოქნილი სტრატეგიული კომუნიკაციებიდან, ისინი ხალხს ალბათ ეუბნებიან, რომ თვითმფრინავი უკრაინამ ჩამოაგდო, ან სეპარატისტებისთვის იარაღი რუსეთს არ მიუცია.

ამ ეტაპზე, პუტინს რუსეთში საკმარისი რეზერვი აქვს იმისთვის, რომ მოსახლეობამ მას დაუჯეროს და ხალხს, ალბათ, უნდა კიდეც, მისი სჯეროდეს. ვფიქრობ, მოსკოვს ახლა სინანულს გრძნობს იმის გამო, რომ სეპარატისტებს იარაღი მიაწოდა ან იმის გამო, რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებს.