2 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბექა ლილუაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი. მან ილაპარაკა კანონპროექტზე "დაგროვებითი პენსიის შესახებ", რომლის პრეზენტაციაც ორიოდე დღის წინ შედგა. ბექა ლილუაშვილმა განმარტა საპენსიო რეფორმის არსი და განსხვავება დაგროვებით პენსიასა და დღეს არსებულ ე.წ. "სოციალურ პენსიას" შორის. საპენსიო რეფორმა არ შეეხება დღევანდელ პენსიონერებს, არამედ მათ, ვინც მომავალში შეძლება საპენსიო დანაზოგის შექმნას. დაგროვებითი პენსია დამოკიდებული იქნება: დასაქმებულის შემოსავალზე, მუშაობის ხანგრძლიობაზე, დაგროვებული თანხების ინვესტირების სისტემაზე და ა.შ.. ამ რეფორმის ერთი მიზანი არის ადამიანის ადეკვატური საპენსიო უზრუნველყოფა და მეორე მიზანი კი არის ეკონომიკური სარგებელი, რასაც მოიტანს საპენსიო ფონდში გრძელვადიანი დანაზოგების წახალისება. დაგროვებითი პენსიის სისტემაზე გადასვლა გრძელვადიანი რეფორმაა და მისი ეფექტი თვალსაჩინო შეიძლება გახდეს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება საპენსიო სააგენტო. საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკას კი განსაზღვრავს ხუთკაციანი საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგენილი იქნება საერთაშორისო გამოცდილების მქონე პირებით და რომელსაც დაამტკიცებს პარლამენტი. დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებულებისთვის. მათთვის კი, ვინც კანონის ამოქმედებისას იქნება 40 ან მეტი წლის, სქემაში ჩართვა იქნება ნებაყოფლობითი. დაგროვებითი პენსიის სქემის ამუშავებისთვის საჭირო კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე წარედგინება. სავარაუდოდ, საპენსიო კონტრიბუციების მიღება მომავალი წლის ბოლო კვარტლიდან დაიწყება.
Your browser doesn’t support HTML5