20 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალიკა კუპრავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც ქვეყნის მთავარ კანონში შევიდა ერთი პოლიტიკური ძალის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობის პირობებში.
Your browser doesn’t support HTML5
ალიკა კუპრავამ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური ცვლილებების მიღებისას შინაარსის გარდა, მნიშვნელოვანია მისი მიღების ფორმა და პროცედურული საკითხები - რამდენად ჩართული იყო ფართო საზოგადოება ცვლილებების განხილვაში, გაზიარებული იყო, თუ არა ექსპერტების შენიშვნები. მკვლევრის შეფასებით, კონსტიტუციური კანონპროექტების შემუშავებაში საზოგადოების ჩართულობა იყო პრაქტიკულად ნულოვანი და მაშინდელმა მმართველმა ძალამ კონსტიტუციაში ცვლილებები გამოიყენა ძალაუფლების გასამყარებლად იმგვარად, როგორც ის ამა თუ იმ ეტაპზე თვლიდა საჭიროდ. ალიკა კუპრავა ამბობს, რომ 1995 წლის კონსტიტუციის რედაქცია დღეს არსებულს რომ შევადაროთ, "თითქმის არაფერი აქვს საერთო მის ტექსტობრივ გამოხატულებას ერთმანეთთან, ანუ ძირითადი ნაწილი, რომელიც ეხება ხელისუფლების შტოებს, ხელისუფლების დანაწილებას, აცდენილია 1995 წლის რეალობას", თუმცა, მკვლევარი ხაზს უსვამს კონსტიტუციის მიღებას იმ რეალობაში და იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც 1995 წელს იყო საქართველოში. "დილის საუბრების" სტუმარმა განმარტა, რომ: "თავისთავად, კონსტიტუციური დემოკრატია, ანუ დემოკრატიის შეზღუდვა კონსტიტუციონალიზმით ნიშნავს იმას, რომ ასეთი მოწყობის სისტემაში უმრავლესობას არ აქვს ყველანაირი ძალაუფლება. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში - ერთპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულია საკონსტიტუციო უმრავლესობის ინსტიტუტი, ერთი პარტია, როგორც ვხედავთ, შეძლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვებას. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობის ინსტიტუტი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს", - ამბობს ალიკა კუპრავა. კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა საუბრის დასასრულს განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ყოველდღიურად უნდა აკონტროლოს ხელისუფლება, თუმცა, ისეთი ტიპის აქტივობას, როცა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობის რისკის გასაბათილებლად მმართველი ძალის ოპონენტებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს, მიზანშეუწონლად თვლის, რადგან ადამიანის ნების თავისუფლება უფრო დიდ ღირებულებად მიაჩნია.