28 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო კვახაძე, კავკასიოლოგი. მან ილაპარაკა ტერორიზმის საფრთხეზე, საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებულ სპეცოპერაციებზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს როლზე, რეგიონის მოთამაშეების ინტერესებსა და რისკებზე. საუბრის დასაწყისშივე ალეკო კვახაძე შეეხო 26 დეკემბერს ახმეტის რაიონის სოფლებში რამდენიმე პირის დაკავებისას ერთ-ერთის დაჭრის ფაქტს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გამოიძიონ - რამდენად პროპორციული ძალა იყო გამოყენებული. ალეკო კვახაძე ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავება, შესაძლოა დღისით, ნაკლები ძალისხმევითაც მოეხერხებინათ. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ საქართველოდან სირიაში საომრად წამსვლელთა საკითხზე უფრო რთულია საქართველოს სირიისკენ მიმავალ დერეფნად გამოყენება ჩრდილოკავკასიელი მეომრების მიერ. რუსეთის მონაცემებით, რამდენიმე ათასი ჩრდილოკავკასიელი იმყოფებოდა ერაყსა და სირიაში. როგორც მათთვის, ისე აზერბაიჯანიდან წასულებისთვის საქართველო წარმოადგენდა სატრანზიტო დერეფანს. ალეკო კვახაძე აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სირიისკენ ტრანზიტის მიზნით ლეგალურად (სასაზღვრო პუნქტების გავლით) შემომსვლელებზე გაცილებით დიდი პრობლემაა საქართველოს არალეგალურ დერეფნად გამოყენება. სწორედ ასეთ შემთხვევაზეა ლაპარაკი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, როცა საქმე ეხება ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების გადაადგილების ეპიზოდს. ანტიტერორისტული ბრძოლის ფონზე ალეკო კვახაძე "დილის საუბრებში" ლაპარაკობს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, ამ ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საერთაშორისო პარტნიორობაზე.
Your browser doesn’t support HTML5