სენატორი რიში საქართველოს გამოწვევებზე საუბრობს

ამერიკის სენატორი ჯეიმს რიში

ამერიკის ხმა: რუსეთმა აფხაზეთთან და სულ ცოტა ხნის წინ, სამხრეთ ოსეთთან, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ყირიმის ანექსიის შემდეგ, თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელი იყო ეს ნაბიჯი და შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება?

ჯეიმს რიში: ყირიმის ანექსიის გარეშეც, ჩემი აზრით, ამის გათვლა შესაძლებელი იყო. შეხედეთ რა ხდება საქართველოს ამ ორ რეგიონში ომის შემდეგ, როგორია ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის ამ ორ რეგიონში. ჩემი აზრით, სრულიად მოსალოდნელი იყო ის, რომ რუსები ამ ორ რეგიონში საკუთარი გავლენის გავრცელებას ბოლომდე გააგრძელებდნენ. ჩემი აზრით, ეს არ დამთავრდება და კვლავ გაგრძელდება.

ამერიკის ხმა: საქართველოს მთავრობას შეუძლია ამისთვის ხელის შეშლა?

ჯეიმს რიში: ჩემი აზრით, მას შეზღუდული არჩევანი აქვს, რადგან საქმე ძალიან დიდ, ძლიერ მთავრობასთან აქვს, თვითონ კი ასეთი გავლენიანი არ არის. შეხედეთ რამდენ ხანს გაგრძელდა ომი - მგონი ოთხი დღე, თუ რაღაც მსგავსი. ქართველებთან საუბრიდან გამომდინარე ვიცი, რომ მათ არ სურთ მდგომარეობის ასე გაგრძელება, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.

ამერიკის ხმა: [აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილი] შეთანხმებებისა და რეგიონში მიმდინარე სხვა მოვლენების ფონზე, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ რუსეთთან დიალოგის გაგრძელება - ანუ აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას სპეციალური წარმომადგენლის დონეზე არეგულირებს?

ჯეიმს რიში: ჩემი აზრით, დიალოგი ყოველთვის კარგია, მიუხედავად იმისა საქმე მტრულ მხარეებს ეხება თუ არა. ამ შემთხვევაში, ქართველებს დიდი ინტერესი აქვთ რუსეთთან ნებისმიერი განსხვავების გადალახვაში, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ჩემი აზრით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად და ეცდებიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ცხადია, გარკვეული პროცესები ისე არ მიმდინარეობს, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. მაგრამ ისიც უდავოა, რომ მათ რუსეთის ზეწოლიდან გამოსვლა სურთ. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მათ შორის დაპირისპირებას გადაჭრის ცუდი არ არის, პირიქით კარგია.

ამერიკის ხმა: რას გულისხმობთ იმაში, რომ ზოგიერთი პროცესი სათანადოდ არ მიმდინარეობს?

ჯეიმს რიში: მე არჩევნების დროს საქართველოში ვიყავი და ვნახე როგორ დაამარცხა ახალმა მთვრობამ ძველი. ამერიკისთვის ეს უცხო არ არის. ჩვენი პოლიტიკური პარტიები უწყვეტად ენაცვლებიან ერთმანეთს. როგორ მოხდება ეს ჩანაცვლება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და რა მოხდება ჩანაცვლების შემდეგ ესეც მნიშნვლოვანია. იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, რაც ჩემი აზრით, ეს გადამეტებაა და არ არის კარგი პოლიტიკური პროცესის დასაწინაურებლად, რომელიც ქვეყანას თავისუფლებას და სტაბილურობას შეუქმნის. ადამიანებს აბსოლუტური თავისუფლება უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოსახატად. სამართლებრივი დევნის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, რთულია იმაზე არ დაეჭვდე, რომ ზოგიერთი მათგანის უკან პოლიტიკური მოტივაციაა. ეს არ არის კარგი. ეს არ არის კარგი დემოკრატიული საზოგადოებისთვის.