იეჟი ბუზეკი: "თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ"

იეჟი ბუზეკი

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოსული იყო პოლონელი დიპლომატი, ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იეჟი ბუზეკი, რომელიც ამჯერად საქართველოს I, CULTURE Orchestra-სთან ერთად ეწვია. ესაა მულტიკულტურული ორკესტრი, რომელიც 6 ქვეყნის 120 მუსიკოსისგან შედგება. ორკესტრი ევროპის ქალაქების ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა თბილისში. იეჟი ბუზეკს სასტუმრო „კოპალაში“ ნიკო ნერგაძე შეხვდა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციაზე ესაუბრა. იეჟი ბუზეკმა საუბარი ორკესტრზე ლაპარაკით დაიწყო და აღნიშნა, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მისია აკისრია, თუმცა არამხოლოდ კულტურული...


ბუზეკი: ჩვენი ვიზიტი ევროპული კულტურის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, გარდა ამისა, ის მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხითაც, სოციოლოგიური კუთხითაც და პოლიტიკური კუთხითაც კი. ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ საზოგადოებრივ აზრს მთლიანად ევროპაში, - არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს, არამედ პარტნიორებს აღმოსავლეთ ევროპიდან, - რომ ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ფსიქოლოგიური, ადამიანური თვალსაზრისით და ჩვენ რაც შეიძლება ხშირად უნდა გავცვალოთ მოქალაქეები.

რადიო თავისუფლება: ბოლო ვიზიტისას განაცხადეთ, რომ საქართველო სწორი გზით მიდიოდა ევროპული ინტეგრაციისკენ, მაგრამ ასევე აღნიშნეთ, რომ აუცილებელია რეფორმების გატარება მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა, მედიაპლურალიზმი და ასე შემდეგ. ერთი წლის შემდეგ თუ ფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები განხორციელდა ან რაიმე პროგრესია მიღწეული ამ მხრივ?

ბუზეკი: მე მგონია, რომ ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ბოლო 10 წლის განმავლობაში თქვენ ბევრი რამე შეცვალეთ და ახლა საქართველო სხვა ქვეყანაა, ვიდრე მანამდე იყო. ახლა უკეთ ხართ ორგანიზებულნი, თქვენი დემოკრატია გაცილებით უფრო კარგად ჩანს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს თქვენი გზის დასასრული ჯერ არ არის - ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობის მხრივ ან ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მედიის მხრივ. ჩვენ მუდმივად უნდა ვიფიქროთ ამაზე. დროდადრო ასეთი პრობლემები ევროპაშიც კი არის. მსგავს პრობლემებს ჩემი ქვეყანაც აწყდება. ჩვენ ახლა ვცდილობთ მნიშვნელოვანი ცვლილებები გავატაროთ პოლონეთის სასამართლო სისტემაში - ეს კი 20 წლის მერე მას შემდეგ, რაც რეფორმები დავიწყეთ და 8 წლის მერე, რაც ევროკავშირის წევრები ვართ. ანუ, ამ მხრივ რეფორმები საკმარისი არასოდეს არის. ასევე ეკონომიკაში - ჩემს ქვეყანაში მეტი თავისუფლებაა საჭირო და დარწმუნებული ვარ, რომ იმავე პრობლემას საქართველოც აწყდება ბევრ სფეროში. ახლა თქვენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდი გაქვთ - არჩევნების წინ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ყური დავუგდოთ არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამებს. მე იმედი მაქვს და მჯერა, რომ ქართველი ხალხი საკმარისად გამოცდილი და განათლებულია იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს საქართველოსთვის, დემოკრატიისათვის, თავისუფალი ეკონომიკისთვის და ევროკავშირში ინტეგრაციისათვის, რადგან ჩვენ ევროკავშირში ასეთი ინტეგრაციის მომხრეები ვართ.

რადიო თავისუფლება: საქართველოში ბევრის აზრია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული ურთიერთობას ევროკავშირთან ერთგვარი სტაგნაცია შეეპარა და დაახლოების პროცესი შეჩერდა.

ბუზეკი: ალბათ, მართალი ხართ. სიამოვნებით ვიტყოდი - არა, ცდებით-მეთქი, მაგრამ მართალი ხართ. თუმცა ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, როგორც წესი, ასეთი პროცესი ტალღურად ვითარდება. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ურთიერთობებს ვაუმჯობესებთ, ვუახლოვდებით ერთმანეთს, უკეთეს სტრუქტურებს ვაშენებთ ჩვენს შორის და მიმდინარეობს ინტეგრაცია. ამას შეიძლება მოჰყვეს რამდენიმე წელი, როდესაც ინტეგრაციის დონე ეცემა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი დღეს მძიმე კრიზისშია - მას ასეთი ღრმა კრიზისი არასოდეს ჰქონია, ასეთი სირთულეები ევროკავშირის დაარსებიდან, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან არა ჰქონია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოვიცადოთ ორი, სამი წელი - მეტი არა -და ჩვენ დავუბრუნდებით ძველ ნიშნულს უკეთესი თანამშრომლობისა, უკეთესი ინტეგრაციისა და უკან მოვიტოვებთ სტაგნაციას.

რადიო თავისუფლება: მე მილაპარაკია ამერიკელ ექსპერტებთან, რომლებიც ერთმანეთისგან განასხვავებდნენ დემოკრატიასა და მოდერნიზაციას. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხანდახან დემოკრატიულ ინსტიტუტებს წირავს მოდერნიზაციის სასარგებლოდ და ამბობენ, რომ რეფორმები მედიაპლურალიზმის, კანონის უზენაესობის და სხვა სფეროებში ხელოვნურად ფერხდება მთავრობის მიერ, რადგან ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამგვარად პროგრესს უფრო ადვილად და სწრაფად მიაღწევენ.

ბუზეკი: შემიძლია ამ აზრს დავეთანხმო, თუნდაც ნაწილობრივ, არა ასი პროცენტით. თავიდან რომ მოვყვეთ, გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დამოუკიდებლობა იყო. მაშინ შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო დემოკრატია და თვით ეკონომიკაც კი. მთავარი დამოუკიდებლობა იყო, რადგან დასაწყისში საბჭოთა კავშირის დროს არსებული ურთიერთობების გაწყვეტა ნიშნავდა, რომ ქვეყანა უფრო ღარიბი გახდებოდა, მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდებოდა...იგივე ხდებოდა ჩემს ქვეყანაშიც. ამის შემდეგ დადგა ძალიან მნიშვნელოვანი დრო ჯანსაღი ეკონომიკის და მასთან ერთად დემოკრატიის აშენებისა. ახლა საქართველოსთვის კარგი დროა, რომ სწორედ ამ კუთხით განვითარდეს, მაგრამ მინდა გავიმეორო, რომ თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ.