ქრის უოკერი: „მკაფიო ნორმების არარსებობას რუსეთი თავის სახეიროდ იყენებს“

რა საფრთხეები ემუქრება დემოკრატიულ საზოგადოებებს ავტორიტარული სახელმწიფოების მხრიდან? რატომ არ უთმობს დასავლეთი ჯეროვან ყურადღებას მედიის ინფრასტრუქტურის განვითარებას და რატომ სჯობნიან მას ამ თვალსაზრისით რუსეთი, ჩინეთი და მათი მსგავსი სხვა რეჟიმები? რა უნდა დაუპირისპიროს ცივილიზებულმა სამყარომ კრემლის აგრესიულ ქმედებას? - ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება დავით კაკაბაძე აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ქრისტოფერ უოკერს, რომელიც გასულ კვირაში რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას ეწვია. სტუმარს ვთხოვეთ, ჯერ მოკლედ მოეთხრო იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.

ქრის უოკერი: დემოკრატიის ეროვნული ფონდი უკვე 30 წელია, არსებობს, შარშან 30 წლის იუბილე გადავიხადეთ. ორგანიზაციის ძირითადი ამოცანაა, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, მთელს მსოფლიოში მოქმედ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღვწიან უფრო ანგარიშვალდებული, უფრო გამჭვირვალე, უფრო ღია საზოგადოებების შესაქმნელად. კონკრეტულად ეს მხარდაჭერა გამოიხატება თავისუფალი მედიის, ადამიანის უფლებათა დამცველების დახმარებაში. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს საქმიანობა შეერთებული შტატების მხრიდან უკვე სამი ათწლეულია, ხორციელდება და მასში ჩართული არიან როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

რადიო თავისუფლება: იქნებ კონკრეტულად გვიამბოთ თქვენს რომელიმე პროექტზე...

ქრის უოკერი: ერთ-ერთი, შედარებით ახლახან წამოწყებული პროექტის ფარგლებში ჩვენ შევისწავლით იმ მეთოდებს, რომლებითაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცდილობენ, ხელი შეუშალონ დემოკრატიული ნორმების დამკვიდრებას. როგორც ეს გამოკვლევა გვიჩვენებს, ბოლო წლებში პრობლემები შეექმნა თვით ისეთ ინსტიტუტებსაც კი, რომლებიც ბერლინის კედლის ნგრევის შემდგომ პერიოდში საყოველთაოდ მიჩნეული იყვნენ კანონის უზენაესობაზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დამამკვიდრებლებად. მაგალითისთვის გამოგვადგება თუნდაც ევროპაში უშიშროებისა და

ბოლო წლებში პრობლემები შეექმნა ინსტიტუტებს, რომლებიც მიჩნეული იყვნენ კანონის უზენაესობაზე დამყარებული წესრიგის დამამკვიდრებლებად

თანამშრომლობის ორგანიზაცია (შემოკლებით ეუთო), რომელსაც ბოლო წლებში არაერთ სირთულესთან უხდება გამკლავება. ამ სირთულეების უმრავლესობას ეუთოს წევრი არადემოკრატიული ქვეყნები ქმნიან. ან, ავიღოთ მსგავს ფასეულობებსა და ნორმებზე დამყარებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ევროპის საბჭო. ახლა, როცა ჩვენ ვსხედვართ და ვსაუბრობთ, ამ ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობს აზერბაიჯანი - ქვეყანა, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და დევნის თავისუფალ აზრს. ამის პარალელურად, ბევრმა ავტორიტარულმა სახელმწიფომ შექმნა საკუთარი, ალტერნატიული ინსტიტუტები და გაერთიანებები, რომლებიც დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგო წესებით მოქმედებენ. ასეთია, ვთქვათ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ან ევრაზიული საბაჟო კავშირი ან სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭო. ეს ინსტიტუტები სხვადასხვა სახითა და ხარისხით ცდილობენ, შეზღუდონ განსხვავებული აზრი, შეაფერხონ დისიდენტების გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორეში და სხვა. მოკლედ თუ ვიტყვით, მოწმენი ვართ ისეთი ნორმებისა და სტრუქტურების შექმნისა, რომლებიც მიზნად ისახავს ცივი ომის დამთავრების დროიდან მომძლავრებული ღია, დემოკრატიული სტანდარტების დასუსტებას. ბერლინის კედლის დანგრევის 25-ე წლისთავი მშვენიერი დროა იმის შესაფასებლად, საით მივდივართ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მსვლელობა სასიკეთო მიმართულებით გაგრძელდეს.

რადიო თავისუფლება: თუ თქვენს ნათქვამს შევაჯამებთ, როგორ შეაფასებდით დემოკრატიის სადღეისო მდგომარეობას, ზოგადად, მსოფლიოში და, კერძოდ, პოსტკომუნისტურ ტერიტორიაზე?

ქრის უოკერი: თუ დემოკრატიის მდგომარეობის შესაფასებლად ამ 25-წლიან პერიოდს ავირჩევთ, თვალწინ არცთუ ურიგო სურათი დაგვიდგება. „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემებით, პოლიტიკური თავისუფლების, სამოქალაქო უფლებებისა და პრესის თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით მსოფლიოში ვითარება, ძირითადად, სტაბილურად შეიძლება ჩაითვალოს. თუ ერთმანეთს შევადარებთ ვითარებას 1989 წლამდე და 89 წლის შემდგომ, დავინახავთ, რომ ბევრ ქვეყანაში მდგომარეობა მრავალმხრივ გაუმჯობესდა. შემაშფოთებელი ის არის, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია, მოწმენი ვხდებით დემოკრატიული ტენდენციების შესუსტებისა თვით ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ბევრს, ამ მხრივ, საიმედო ეგონა. ეს გარემოება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დემოკრატიული პროგრესისა და მისი კონსოლიდაციის მიღწევა მეტად რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამ ქვეყნების მოქალაქეებს, როგორც ჩანს, ძალისხმევის გაორმაგება მოუწევთ საიმისოდ, რომ მდგრად წინსვლას მიაღწიონ.

რადიო თავისუფლება: ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რომელიც დემოკრატიას პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე ექმნება, მომდინარეობს რუსეთიდან, მისი აგრესიული ქმედებებიდან. ამ ქმედებების საუკეთესო ილუსტრაციაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. თქვენი აზრით, რა უნდა მოიმოქმედოს დასავლეთმა იმისთვის, რათა რუსეთმა უარი თქვას თავის აგრესიულ პოლიტიკაზე მეზობლების მიმართ? და როგორ ფიქრობთ, ეფექტიანია თუ არა მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები?

ქრის უოკერი: ვფიქრობ, უკრაინის მოვლენებმა ყურადღება გაამახვილა ჩვენ წინაშე არსებული პრობლემის სიღრმეზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უკრაინის კრიზისამდე, ჯერ კიდევ ყირიმის მოვლენებამდე, შეინიშნებოდა უარყოფითი ცვლილებები რუსეთის ქცევაში, ბევრმა გარეშე მეთვალყურემ, მათ შორის დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში, არ მოისურვა ამის დანახვა. ახლა კი ამის უგულებელყოფა უკვე შეუძლებელი ხდება. პრობლემა რამდენიმე შრეს მოიცავს და, შესაბამისად, მისი გადაჭრის გზაც რამდენიმეშრიანი უნდა იყოს. ავიღოთ, თუნდაც, მედია. რუსეთი უზარმაზარ თანხებს

ბევრმა მეთვალყურემ, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებში, არ მოისურვა რუსეთის ქცევაში უარყოფითი ცვლილებების დანახვა

ახარჯავს მედიის სფეროს - როგორც შინ, ისე საერთაშორისო სარბიელზე. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ახლახან სამჯერ გაიზარდა Russia Today-ს მედიაკონგლომერატის ბიუჯეტი. ევროპის კავშირის, ჩრდილოეთ ამერიკის დემოკრატიები აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ ამაზე, მიიღონ საპასუხო ზომები. ამასთან, ნურავის ეგონება, რომ პრობლემის მოგვარება ხანმოკლე დროში შეიძლება.

რადიო თავისუფლება: მეტისმეტად ნელი ხომ არ არის დასავლეთი საპასუხო ნაბიჯების გადადგმისას ან, თუნდაც, პრობლემის არსში ჩაწვდომისას?

ქრის უოკერი: ჩემი აზრით, უკრაინის მოვლენებამდე დასავლეთის სტრატეგია განსხვავებულ პრინციპებს ემყარებოდა. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული პროვოკაციისა და ინტერვენციის ერთ-ერთი შედეგი ისიც არის, რომ ის დასავლეთს დაეხმარა პრობლემის კრისტალიზებაში, საშუალება მისცა მას, ჩასწვდომოდა მის წინაშე მდგარი გამოწვევის ბუნებას. აშკარაა, რომ მანამდე ბევრს გაცნობიერებული არ ჰქონდა პრობლემის სერიოზულობა. ბოლოდროინდელი მოვლენები იმედს მისახავს, რომ ამჯერად პასუხი ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევის მასშტაბის ადეკვატური იქნება.

რადიო თავისუფლება: ხომ არ გგონიათ, რომ ექვსი წლის წინ, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა, დასავლეთის რეაქცია უფრო მკვეთრი რომ ყოფილიყო, დღეს უკრაინის კრიზისს თავიდან ავიცილებდით?

ქრის უოკერი: ძალიან ძნელია იმის ზუსტად განსაზღვრა, რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში. მაგრამ თუ ზოგადად ვილაპარაკებთ - და ეს თქვენ მიერ მოყვანილ მაგალითსაც უშუალოდ უკავშირდება - შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მკაფიო ნორმებისა და საზღვრების არარსებობის პირობებში მეტად დიდია შანსი, რომ ოპორტუნისტულად მოქმედი რუსეთი ეცდება, ვითარება თავის სახეიროდ გამოიყენოს. ამიტომ, რაც უფრო მკაფიო იქნება ეს საზღვრები და რაც უფრო ნათლად გვექნება წარმოდგენილი პრობლემის არსი, მით უფრო იკლებს ოპორტუნისტული ქცევის ალბათობა.

რადიო თავისუფლება: ბოლო შეკითხვა მედიას ეხება. თქვენ უკვე ახსენეთ, რომ რუსეთი დიდ ფულს ხარჯავს როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო მაუწყებლობის დასაფინანსებლად. იგივე შეიძლება ითქვას ჩინეთზეც. როგორი უნდა იყოს დასავლეთის პასუხი?

ქრის უოკერი: ბოლო წლებში მოწმენი ვართ მედიის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა თვით დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. ნაწილობრივ ეს აიხსნება ეკონომიკური ვითარების შესუსტებით და, ასევე, ინტერნეტსაშუალებების განვითარებით, რამაც ძირი გამოუთხარა მრავალ ავტორიტეტიან მედიასაშუალებას და შექმნა მეტად პრობლემური მედიაგარემო. თანაც, ეს ხდება ზუსტად იმ დროს, როცა არადემოკრატიული ქვეყნები უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ თავიანთი მედიაინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, რომელსაც ხშირად არ მოეპოვება საპირწონე დემოკრატიული მედიის მხრიდან - რადგან იქ მოწმენი ვართ

ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, რომელსაც ხშირად არ მოეპოვება საპირწონე დემოკრატიული მედიის მხრიდან

საგამოძიებო ჟურნალისტიკის დაკნინების, ავტორიტეტიანი გაზეთებისა თუ სააგენტოების საკორესპონდენტო ქსელებისა და რედაქტორების რიცხვის შემცირების. ეს ტენდენცია შეინიშნება როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე ჩრდილოეთ ამერიკაში. ვფიქრობ, დემოკრატიულმა სამყარომ ჯეროვნად ვერ შეაფასა ის, თუ რა უზარმაზარ მნიშვნელობას მიანიჭებდნენ ავტორიტარული რეჟიმები მედიას: მისი განვითარების მხრივაც და ამ სფეროში მოღვაწეთა გაკონტროლებისა და დამოძღვრის მხრივაც. ასეთი რამ სრულიად წარმოუდგენელი იყო 10-15 წლის წინათ, როცა ბევრს ინტერნეტი მიაჩნდა ინფორმაციის ახალი წყაროების აღმოჩენისა და მომხმარებელთა გონებრივი ჰორიზონტის გაფართოების საუკეთესო გზად. დრომ გვიჩვენა, რომ ეს მცდარი წარმოდგენა იყო. დემოკრატიების წინაშე ახლა მეტად რთული ამოცანა დგას: ფართოდ გაავრცელონ მიუკერძოებელი, პატიოსანი ინფორმაცია. ეს იქნება ყველაზე ქმედითი ანტიდოტი იმ დამახინჯებულსა და მანიპულირებულ ინფორმაციასთან გასამკლავებლად, რომელიც ავტორიტარული სახელმწიფოებიდან ვრცელდება. შესაბამისად, დემოკრატიული ქვეყნები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ აუცილებელია ამ საქმისთვის გამოსაყოფი სახსრების გაზრდა. ეს იოლი არ არის, მაგრამ გასაკეთებელია.

რადიო თავისუფლება: პირქუშ სურათს ხატავთ თუ მაინც არსებობს რაიმე იმედის საფუძველი?

ქრის უოკერი: პრობლემა, რომელზეც ვილაპარაკეთ, შედარებით ახალი გაჩენილია. ამიტომ პირქუში სურათის დახატვა ცოტა ნაადრევი იქნებოდა. მაგრამ თუ ისევ ჩინეთს დავუბრუნდებით და გავაანალიზებთ, რა მიზანს ისახავს, მაგალითად, მისი საერთაშორისო ტელემაუწყებლობა, აშკარად დავინახავთ ამ ამბიციების მასშტაბს. პესიმისტობა არაფერს გვარგებს. ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გავაკეთოთ პრობლემის მოსაგვარებლად და რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო მიზნის მისაღწევად.