საქართველოს მასშტაბით ყველა სოფელში, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ინტერნეტმომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეყვანა განხორციელდება, რისთვისაც გასულ კვირაში საქართველოს მთავრობის სხდომაზე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა.
ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის მეოთხე თაობის ინტერნეტით უზრუნველყოფისთვის გაწერილი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ინტერნეტი დამატებით 2 ათასზე მეტ დასახლებაში გახდება ხელმისაწვდომი. პროექტი ხორციელდება ფონდ „ქართუსა“ და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია Open Net, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პარტნიორობა კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის. პირველ ეტაპზე ინტერნეტიზაციის პროგრამა იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის 139 სოფელში განხორციელდება. მათ შორისაა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ხომული. როგორც სოფლის მკვიდრი დავით ჯიმშელეიშვილი ამბობს, წყალტუბოს ქვედა ზონის სოფლებში ინტერნეტპროვაიდერების მომსახურება ამჟამადაც ხელმისაწვდომია, რაც ქუთაისთან ახლომდებარეობითაა განპირობებული, თუმცა ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე არცთუ სახარბიელოა. დავით ჯიმშელეიშვილის თქმით, სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი საკაბელო ხაზით იღებს მომსახურებას და მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს მობილური ინტერნეტით. დავით ჯიმშელეიშვილი იმასაც დასძენს, რომ საკაბელო ხაზების დაზიანების გამო ხშირად ინტერნეტი გათიშული აქვთ და ამჯერადაც, მეორე კვირაა, მით ვერ სარგებლობენ.
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სოფლის უზრუნველყოფას დადებითად აფასებს სოფელ ხომულის მცხოვრები ნანა მაისურაძეც, რომლის თქმითაც, ინტერნეტზე მოთხოვნა დიდია და სოფლად მცხოვრებთათვის მნიშვნელოვანია პროგრამა დროულად განხორციელდეს და წინასაარჩევნო დაპირებად არ დარჩეს.
ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის სოფლების ჩამონათვალში ვერ მოხვდა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ფერეთა. ფერეთის მკვიდრი ანდრია ქარციძე ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობისთვის ცნობილი არ არის, თუ რა კრიტერიუმის გამო ვერ მოხვდა სოფელი პროგრამაში. ანდრია ქარციძის თქმით, რთული რელიეფური მდებარეობის გამო სოფელში ამ დრომდე ხელმისაწვდომი არც საკაბელო მომსახურებაა და სოფლის მცხოვრებნი, ძირითადად ახალგაზრდები, მობილური ინტერნეტით სარგებლობენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2 000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელის შესაქმნელად „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა“ მთავრობის სხდომაზე ცოტა ხნის წინ დამტკიცდა და პროგრამის განხორციელებისთვის, სავარაუდოდ, 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება.