ქუთაისში ინტერნეტის მაღალი ხარისხით მიღება სურთ

ქუთაისი

ქუთაისელ მომხმარებელს ინტერნეტმომსახურებას რამდენიმე ინტერნეტპროვაიდერი უწევს, რომლებსაც, ქალაქის მაშტაბით, ყველა უბანი და ქუჩა DSL ან ოპტიკური ტექნოლოგიით აქვთ დაფარული. ინტერნეტით სარგებლობის ყოველთვიური გადასახადი აბონენტებისთვის 22 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინტერნეტის მომსახურების ხარისხი მის ფასს შეესაბამება და ქალაქის ტერიტორიაზე ინტერნეტი ხელმისაწვდომია.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი კი ამბობს, რომ მინიმალური ღირებულების ინტერნეტპაკეტით სარგებლობს, რომლითაც ინტერნეტი უწყვეტად და მაღალი სიჩქარით არ მიეწოდებათ. როგორც თავად მომხმარებლები აცხადებენ, ხარვეზებით იღებენ როგორც „ახალი ქსელების“, ისე „სილქნეტის“ ინტერნეტს, თუმცა ხარვეზის გამოსასწორებლად მომსახურე კომპანიის ცხელ ხაზზე არ რეკავენ.

ინტერნეტმომხმარებელთა შენიშვნების საპასუხოდ რადიო თავისუფლებისთვის ოფიციალური კომენტარის გაკეთება მხოლოდ ერთმა კომპანიამ ისურვა. „ახალი ქსელების“ ქუთაისის ოფისის მმართველი ლეილა ფხაკაძე ამბობს, რომ ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ინტერნეტმომხმარებელმა ცხელ ხაზზე დარეკოს.

ლეილა ფხაკაძის ინფორმაციით, ქუთაისსა და მის შემოგარენში კომპანიას 20 ათასზე მეტი ინტერნეტმომხმარებელი ჰყავს, „ახალი ქსელების“ სატელეფონო მომსახურებით კი 36 ათასზე მეტი აბონენტი სარგებლობს. ლეილა ფხაკაძისავე განცხადებით, კომპანია ცდილობს სხვა ინტერნეტპროვაიდერებს კონკურენცია მაღალი ხარისხის შექმნითა და ხელმისაწვდომი ფასით გაუწიოს.