კახეთში სოფლის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი, იქ კი, სადაც ინტერნეტს იღებენ, დაბალ ხარისხსა და მაღალ ფასზე მიუთითებენ. ფასისა და ხარისხის შეუსაბამობაზე სპეციალისტებიც ლაპარაკობენ.
სოფლების უმრავლესობა თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებით ან სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის, ან ინტერნეტმომსახურებაზე მაღალი ტარიფის გამო ვერ სარგებლობს, მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც ინტერნეტმომხმარებელია, ტექნიკურ პრობლემებსა და ინტერნეტის დაბალ სიჩქარეზე მიუთითებს:
„ძვირია, ვერ ვიხდით, ამიტომ ვამჯობინებთ მობილურ ინტერნეტს“;
„30 ლარია თვეში. ვისაც საშუალება აქვს, შეიყვანს, ვისაც არა, - ვერა, თავისთავად. ისე, 20 ლარი რომ ღირდეს, კარგი იქნებოდა“;
„ინტერნეტი მაქვს, რომელიც იჭედება, არ შედის ხოლმე, დიდხანს უნდება“;
„wi-fi-ს ვიღებ წინანდლიდან, მაგრამ ხანდახან აქვს ხარვეზები“.
ინტერნეტმომსახურებაზე დადგენილ ტარიფებს არაადეკვატურად მიიჩნევენ სპეციალისტებიც. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე ამბობს, რომ ფასსა და ხარისხს შორის მკვეთრი სხვაობაა:
„მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ინტერნეტი ძვირია და აქვე ჩნდება კითხვები: რამდენად ხარისხიანია ინტერნეტი და მომხმარებელი ხომ არაა მოტყუებული? მიგვაჩნია, რომ მომხმარებელი არჩევანის თავისუფლებაში ერთგვარად შეზღუდულია, ვინაიდან მხოლოდ თითო ოპერატორი ფარავს ამა თუ იმ უბანს“.
მოსახლეობისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტის სწავლებისა და გამოყენების მიზნით სახელმწიფომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“ შექმნა, რომლის ფარგლებშიც კახეთის 72 სოფელშიკომპიუტერული ცენტრები შეიქმნა. აქედან 8 ცენტრი ლაგოდეხის სოფლებშია განთავსებული. მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია გვეუბნება, რომ არც ერთ მათგანში ამ დრომდე ინტერნეტმომსახურება არ არის:
„რამდენიმე სოფელში გვაქვს კომპიუტერებით აღჭურვილი ბიბლიოთეკები, სადაც უახლოეს მომავალში შევიყვანთ ინტერნეტს და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლოს კომპიუტერითა და ინტერნეტით“.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ უკვე დაიწყო მუშაობა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტზე. სააგენტოს დირექტორის მოადგილის ავთანდილ კასრაძის თქმით,
პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სათანადო ინფრასტრუქტურით 2 000-მდე დასახლებული პუნქტი დაიფარება, შექმნილი ინფრასტრუქტურით კი ყველა პროვაიდერს და ოპერატორს ექნება საშუალება მოსახლეობას თავისი სერვისი მიაწოდოს. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღად 2018 წელი სახელდება:
„აღნიშნული პროექტის განხორციელება, შეიძლება ითქვას, უკვე დაწყებულია. ჩვენი მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ინტერნეტინფრასტრუქტურა, რომელიც 2 000-მდე დასახლებულ პუნქტში იქნება, მთელი საქართველოს მასშტაბით. როდესაც ეს ინტერნეტინფრასტრუქტურა იქნება ადგილზე, ყველა კომპანიას შეეძლება მინიმალური დანახარჯით გახდეს ინტერნეტპროვაიდერი და მიაწოდოს თავისი მაღალხარისხიანი ინტერნეტი მოსახლეობას“.
ვიდრე სახელმწიფო მასშტაბურ პროექტს განახორციელებს და მომხმარებელს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტმომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს, სოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის თანამედროვე კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებად კვლავ მობილური ინტერნეტი რჩება, რომელიც საკაბელო ინტერნეტზე გაცილებით ძვირი ღირს.